გაიზარდა თუ შემცირდა საარსებო მინიმუმი? - საქსტატმა მონაცემები განაახლა
გაიზარდა თუ შემცირდა საარსებო მინიმუმი? - საქსტატმა მონაცემები განაახლა

A+ A-

15:07 14/08/2020

ივლისის თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელმა 183.5 ლარი, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 162.6 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

 როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის საარსებო მინიმუმის მონაცემებით ირკვევა, ივლისის თვეში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 307.9 ლარით განისაზღვრა. ერთშვილიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი 165,8 ლარიდან 162,6 ლარამდე შემცირდა. ორსულიანი ოჯახების 265,2 ლარიდან 260,1 ლარამდე შემცირდა. სამშვილიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი კი 298,4 ლარიდან 292,6 ლარამდე შემცირდა.

ასევე შემცირდა ოთსხულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმიც, თუ გასულ წელს საარსებო მინიმუმი 331,5 ლარით განისაზღვრა, ეს თანხა წელს 325,1 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხუთშვილიან ოჯახებს, მათი საარსებო მინიმუმი 373.0 დან 365.7-მდე შემცირდა. ექვს და მეტსულიან ოჯახებში საარსებო მინიმუმი კი 432.4 ლარი გახდა მაშინ როდესაც 2019 წელს ეს თანხა 441.0 ლარს შეადგენდა. საარსებო მინიმუმის ივლისის თვის ყველა მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 % - ით, ხოლო მიმდინარე წლის ივნისის თვესთან შედარებით 1.6 % - ით არის შემცირებული.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დაცვის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 %-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

ცნობისთვის, საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.