ჭიათურაში ყველა ტენდერს ერთი ინდმეწარმე იგებს -"ფლანგვის დეტექტორი" 
ჭიათურაში ყველა ტენდერს ერთი ინდმეწარმე იგებს -"ფლანგვის დეტექტორი" 

A+ A-

15:04 14/08/2020

ჭიათურის მერია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურმომსახურეობაში ათი ათიასობით ლარს ხარჯავს და ყველა ტენდერს ერთი ინდ.მეწარმე თეიმურაზ სახვაძე უკონკურენტოდ იგებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2016 წლიდან დღემდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაში ჯამში 112,280 ლარია დახარჯული.

"2019 წელს, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ ერთი "ტოიოტა პრადოს" ტექნიკურ მომსახურებაში 10,000 ლარამდე დაიხარჯა. 2016 წლიდან დღემდე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაში ბიუჯეტიდან 112,280 ლარია დახარჯული. რაც შეეხება 2020 წლის ტენდერს (NAT200008761), ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია (14/07/2020), რომლის ღირებულებაც 8,474 ლარია, თუმცა თანხა ჯერჯერობით გადახდილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ყველა ტენდერს ინდ. მეწარმე თეიმურაზ სახვაძე იგებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაცია 2016 წლის იანვარში მოხდა. ამავე წლის ამავე თვეში მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჭიათურის მუნიციპალიტეტთან ტენდერისთვის SPA160001347.

მას შემდეგ კიდევ 6 ტენდერი გამოცხადდა და ექვსივეში თეიმურაზ სახვაძემ სრულიად უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ტენდერებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მომსახურებაში შედის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ისეთი მსუბუქი ავტომანქანები, როგორებიცაა: მიცუბიში პაჯერო (EOE-041), მერსედერს ბენც (FZF-541), ჰიუნდაი ტუქსონ (CVC-393), გრანდ ჩეროკე (WW778AA).

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილებისა, 2019 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, მხოლოდ ერთი ავტომანქანის - „ტოიოტა პრადოს“ ტექნიკურ მომსახურებაში, უკვე ამავე წლის 25 დეკემბერს, გადახდილია 10,000 ლარამდე თანხა (NAT190018690).

უფრო დეტალურად სურათი ასეთია: 2016 წელი - SPA160001347, 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, 19 898.10 ლარი. 2017 წელი - NAT170001524, NAT1700010956, 11 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, 20 922 ლარი. 2018 წელი - NAT180002509, 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, 26 673.70 ლარი.

2019 წელი - NAT190001384, 6 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, 34 826 ლარი. 2019 წელი - NAT190018690, ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება (ტოიოტა პრადო), 9961 ლარი. 2020 წელი - NAT200008761, ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე ხელშეკრულება", - აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.