რუსული ცეცხლი გაიხსნა, ანწუხელიძე დაიკარგა, ბაქრაძე შვებულებაშია... - აგვისტოს ომის აქამდე უცნობი დეტალები
რუსული ცეცხლი გაიხსნა, ანწუხელიძე დაიკარგა, ბაქრაძე შვებულებაშია... - აგვისტოს ომის აქამდე უცნობი დეტალები

A+ A-

15:59 07/08/2020

2008 წელი. 7 აგვისტო. ღამე. ომი დაიწყო.  8 აგვისტო. დილა. ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს შენობა თითქმის ცარიელია, სამაჩაბლოში კი რუსული ცეცხლია გახსნილი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის ნახევარი შვებულებაშია. შვებულებები სასწრაფოდ წყდება. მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. საქართველოს ეროვნული გმირი, მაშინ მოქმედი უმცროსი სერჟანტი  გიორგი ანწუხელიძე უკვე ბრძოლის წინა ხაზზეა და საქართველოს იცავს. მალევე გიორგი დაიკარგა. ანწუხელიძის მეუღლის დედა, ლალი ჩიკვილაძე კი, პარლამენტიდან ეძებს ბრძოლის ველზე ოკუპანტების ტყვეს.

 

ჟურნალისტები პრესსამსახურებს უტევენ. არავინ არაფერი იცის დაზუსტებით და რაც იციან, ერთმანეთთან ამოწმებენ, ერთმანეთს უზიარებენ. პარლამენტში ქაოსია, ქაოსია    გარეთაც. ზოგი ომში მიდის, ზოგი კურორტებიდან გამორბის. ყველა თავშესაფარს ეძებს. ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე ოკუპანტების ტყვიებს ეწირება. ფრონტის ხაზს მიღმაც რუსეთი საქართველოს წერტილოვან დარტყმებს აყენებს და სტრატეგიულ ობიექტებს უფეთქებს. ქვეყანაში უსაფრთხო ტერიტორია თითქმის არსად ჩანს.

ყველა მხრიდან შემოსული ინფორმაცია დუღს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში...  გიორგი ანწუხელიძეს ისევ ეძებენ.

დანაჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველო, - პარლამენტის თავმჯდომარე ქუდზე კაცს იხმობს.

ახლა ამ ამბების გახსენება, თითქოს, ადვილია, მაშინ მათი გადატანა კი -  წარმოუდგენელი ტკივილი, დაბნეულობა და შიში. 

 

დღეს „2020NEWS“  საქართველოს პარლამენტის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან, მაკა გიგაურთან ერთად, პირველად მოგითხრობთ იმ მძიმე დღეების კულუარულ ამბებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან.

-მაშინ სახელმწიფო სამსახურში მაღალი თანამდებობა გეკავათ. რა ხდებოდა პარლამენტში, როდის შეიტყვეთ ომის დაწყების შესახებ?

მაკა გიგაური:  2008 წელს,  საქართველოს პარლამენტის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა მორიტორინგის უფროსის თანამდებობა მეკავა. 6 აგვისტოდან  კუთვნილი შვებულება მქონდა და ორ დღეში, ჩემს შვილთან ერთად, აჭარაში ვაპირებდი დასასვენებლად გამგზავრებას. ამ დროს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შვებულებაში იმყოფებოდა.

მახსოვს, 7 აგვისტოს მოვლენები საოცრად სწრაფად დაიძაბა. რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან სატელეფონო კონტაქტზე  ვიყავი და ჩემი მოვალეობების მიხედვით, მას ვაწვდიდი ყველა ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიით ვრცელდებოდა. საუბარი მაქვს 7 აგვისტოს საღამოზე. იმ დროს სახლში ვიყავი  და პირადად მეც ყველა განვითრებულ მოვლენას თვალს ინტერნეტითა და მედიით, ასევე ტელევიზიით ვადევნებდი.

- როგორი იყო ომის დროს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია?

- მოგეხსენებათ, აგვისტოს თვე იყო,  ეს თვე კი  შვებულებების დროა და შესაბამისად, დეპარტამენტის, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, თანამშრომლების ერთი ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა.  მოვლენების განვითარებას ჩვენი მობილიზებაც მოყვა.

საქართველოს პარლამენტის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შედიოდა მედიის მონიტორინგის დეპარტამენტი, პრეს-ცენტრთან ერთად. პირველი, რაც ამ დროს გვევალებოდა, იყო ყველა საინფორმაციო საშუალების, ბეჭდვითი და ინტერნეტმედიის მონიტორინგი, რაც დაუყონებლივ, 7 აგვისტოს, გვიან საღამოდან დავიწყეთ. თქვენს შეკითხვაზე, თუ როგორ შევატყობინეთ ჟურნალისტებს, გიპასუხებთ ასე:  ეს იყო დრო და ის განსაკუთრებული დრო ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ჟურნალისტები და პიარსამსახურები  ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, რაც მათ რესურსებში და შესაძლებლობებში იყო. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული, არამედ დიდი ადამიანური რესურსი, რომლის გამოვლინება მხოლოდ სამშობლოს სიყვარულს შეუძლია.

- იმ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე როგორი განწყობით იყო და რა კონტესტში თქვა, დანაჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველო?

-აგვისტოს ომის დაწყებიდან, ანუ 8 აგვისტოდან მეორე დღეს, ის შვებულებიდან საქართველოში უკან დაბრუნდა და პარლამენტმა, ისევე როგორც პარლამენტის აპარატმა, საგანგებო რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა. მას არცრთი წუთით, არც პარლამენტი და არც ქვეყანა არ დაუტოვებია. ფაქტობრივად, ჩემი ვალდებულებებისა და უბრალოდ შექმნილი სიტუაციის გამო, დავით ბარქაძეს თითქმის 24-საათიან რეჟიმში ვხედავდი.

- გავრცელებული ინფორმაციით, ომის დროს, წითელხიდით აპირებდნენ ქვეყნის დატოვებას გიგა ბოკერია და  ძმები კოდუები. თუ არის ეს ინფორმაცია სიმართლე?

-რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მაშინდელი თანამდებობების პირებისა და დეპუტატების საზღვრების გადაკვეთის შესახებ, მე მხოლოდ შემიძლია, ის ვთქვა, რომ ადამიანებთან,  რომლებთანაც მე პირადად მაკავშირებდა, საქმიდან გამომდინარე, ურთიერთობა, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდი. ჩემის ღრმა რწმენით ვფიქრობ, რომ ესეც მორიგი მიზანმიმართული ჭორია.

-ომის პერიოდში თქვენ თუ იმყოფებოდით გორში?

-გორში პირადად მე იმ დღეებში არ ვყოფილვარ, მაგრამ გორში ჩავიდნენ დავით ბაქრაძე და სხვა დეპუტატებიც.

შიდა ქართლის, კერძოდ ქარელის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ემზარ გელაშვილმა ტერიტორია იმ დრომდე არ დატოვა, ვიდრე ცხინვალიდან იგოეთამდე მოსული რუსეთის საოკუპაციო ჯარები კვლავ ცხინვალისკენ არ დაიძრნენ. მთელი ომისა და შემდგომი მძიმე პერიოდის განმავლობაში, მას თავისი რაიონი არ დაუტოვებია.

-ომის მიმდინარეობის პარალელულად, თუ გიკავშირდებოდნენ ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ან შიდა ქართლის მაცხოვრებლები?

-9-10 აგვისტოს, ჩემს ტელეფონზე შემოდიოდა დევნილებისა და იმ საქართველოს მოქალაქეების ზარები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყვნენ დარჩენილი. დღემდე არ ვიცი, საიდან ჰქონდათ მათ ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი, მაგრამ თითოეულ ზარზე პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები ცდილობდნენ, შესაძლებლობების ფარგლებში, მოეხდინათ რეაგირება.

ერთ ფაქტსაც კი გავიხსენებ, როდესაც ჩვენს კოლეგებზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი ზარი განხორციელდა ჩემს ნომერზე, ქალბატონი ითხოვდა მეუღლის მოძებნას გორში, სადაც უკვე რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა.

მე დამაკავშირეს ერთ-ერთ ევროპელ ჟურნალისტთან, რომელიც იმ დროს, მოვლენების გასაშუქებლად,  გორში იმყოფებოდა და მან შეძლო ამ ადამიანის მოძებნა.

სამწუხაროდ, დიდი დრო გავიდა და აღარ მახსოვს დეტალურად ყველაფერი, მაგრამ ახლა მინდა ამ დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო ფრანს-პრესს“-ის ჟურნალისტს, ირაკლი მეტრეველს. მან დაგვაკავშირა იმ უცხოელ ჟურნალისტთან. ვიდრე თქვენს შემდეგ შეკითხვას ვუპასუხებ აქ არ შემიძლია, არ გავიხსენო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლის დედა, ქალბატონი ლალი როგორ მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ მისი სიძე, გიორგი დაკარგულია და ყველას გვთხოვდა დახმარებას მის მოძიებაში. ლალი ჩიკვილაძე, გიორგი ანწუხელიძის მეუღლის დედა პარლამენტის თანამშრომელი იყო. მგონი, ახლაც იქ მუშაობს.

-დღევანდელი მთავრობა ომის დაწყებას იმდროინდელ ხელისუფლებას და კერძოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

-რაც შეეხება შეკითხვას, იმის შესახებ, რომ ამჟამინდელი მთავრობა ომის დაწყებას  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებს, მე პასუხს გაგცემთ, როგორც საქართველოს მოქალაქე. მოკლედ და ცალსახად,  ყველა თავმოყვარე ხელისუფლების ვალია საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ტერიტორიებისა და მოსახლეობის დაცვა, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. დღეს კი ვხედავთ, როგორ შემოღობეს ნახევარი საქართველო მავთულხართებით.

-და ბოლოს, ომის პერიოდიდან ყველაზე რთული მომენტი როდის იყო და რას გაიხსენებდით?

-ბოლოს მინდა ერთი დღე გავიხსენო. ეს იყო ის ძალიან რთული და ემოციური ღამე, როდესაც რუსული ტანკები თბილისისკენ უნდა დაძრულიყვნენ - არავის გვეძინა. როგორც დედა, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, უკვე თვითგადარჩენასა და შვილის, ოჯახის უსაფრთხოებაზეც ვფიქრობდი. ამ დროს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე ჩვენს სიცოცხლეებს ეწირებოდა, ჩვენს ქვეყანას ფარად ეფარებოდა.

პირველად  მაშინ ვინანე, რომ იარაღი არ ქონდა და არც არასდროს მქონია.

თითქოს, ეს ყველაფერი გუშინ იყო, ისევე როგორც სხვა სისხლიანი მოვლენები, ჩვენს უახლოეს ისტორიაში, თითქოს, ყველაფერს შევეჩვიეთ, მაგრამ არასოდეს უნდა შეეგუოს ჩვენი ცნობიერება, რომ ჩვენი ქვეყანა არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და დანაწევრებული. მე მახსოვს და მემახსოვრება 2008 წლის აგვისტო.