ვაუ, მაგარი ამბები დაიწყო, ჩემი ჩვენების გამო, ხდება კომპანია "ზეგ"-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა - ბაჩანა ლობჟანიძე
ვაუ, მაგარი ამბები დაიწყო, ჩემი ჩვენების გამო, ხდება კომპანია "ზეგ"-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკა - ბაჩანა ლობჟანიძე

A+ A-

15:42 07/08/2020

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, კომპანია ZAG-ის დირექტორისა და ყველა თანამშრომლის სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი გოგონა პროგრამისტად მუშაობდა.

„სავარაუდოდ, ჩემი ჩვენების გამო, ხდება ეგ დაკითხვა. ჩემი აზრით, ეძებენ მტკიცებულებებს, რომლებზეც უკვე ვთქვი, რომ ეს კომპანია უკანონო საქმიანობას ეწევა და ამის დამტკიცება უნდა მოხდეს. ვაუ, მაგარი ამბები დაიწყო “, - აცხადებს „2020NEWS“-თან თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული ბაჩანა ლობჟანიძე. მან სააგენტოსგან შეიტყო ამ ჩხრეკის შესახებ.

როგორც ცნობილია, ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონკრეტულად, რას ეძებენ სამართალდამცველები კომპანიის თანამშრომლების ბინებში, უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლებიც ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ჩვეულებრივი საგამოძიები მოქმედებაა და იმისათვის, რომ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დადგინეს, ყველა საჭირო პირის სახლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს.

"ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებაა. აბსოლუტურად ყველას სახლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს, რაც გამოძიების ჭეშმარიტების დადგენისთვის იქნება საჭირო. რა მიზეზით მოხდა ამ გოგოს გარდაცვალება.

მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება თვითმკვლელობის ვერსია ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

ორმაგი სტანდარტია, თითქოსდა, მთავარი პროკურატურა თავისი მონაცემებით, ინფორმაციებით გვეუბნება, რომ ეფბიაი ჩართულობასთან დაკავშირებით დრო უფრო მეტი სჭირდება ვიდრე ერთთვიანი ვადაო, ამ დროს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჩქარებული წესით საზოგადოებაში თესავს იმას, რომ თვითმკვლელობის გარდა სხვა ვერსია ვერ მუშაობს", - განაცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, მიუვალ ადგილას 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

უკვე ცნობილია ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის პასუხიც.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები?

ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

ანა ქორჩილავა

ხატია მამულია