ყველამ დაინახოს ქართველების ერთად დგომა - დავით ბაქრაძემ ერგნეთში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო
ყველამ დაინახოს ქართველების ერთად დგომა - დავით ბაქრაძემ ერგნეთში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

A+ A-

12:08 07/08/2020

საქართველოს მოქალაქეების ვალდებულებაა, რომ ყველასნაირი დაპირისპირება გვერდზე გადადოს, რადგან ეს ქვეყნის ერთიანობას ეხება.

ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ერგნეთში განაცხადა.

მისი თქმით, ერგნეთში ყოველწლიური სიმბოლური აქციის მიზანია, ყველამ დაინახოს ქართველების ერთად დგომა.

„აქედან ერთ კილომეტრში ჩანს ქალაქი ცხინვალი. სულ რამდენიმე მეტრშია საოკუპაციო ზოლი. ეს ის ჭრილობაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულზეა გატარებული. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გვერდზე გადავდოთ ყველანაირი განსხვავება და დაპირისპირება, მაშინ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას. სწორედ ამიტომ ვატარებთ აქ ყოველწლიურად სიმბოლურ აქციას, რომ ყველამ დაინახოს, ქართველები ვდგავართ ერთად და არასოდეს მოშუშდება ის ჭრილობა, რასაც ოკუპაცია და აგრესია ჰქვია, ვიდრე საქართველო არ გაერთიანდება. მჯერა, რომ ყველა მოქალაქის საერთო ძალისხმევით, მშვიდობიანი, დიპლომატიური ბრძოლით მივაღწევთ ოკუპაციის დასრულებასა და საქართველოს გამთლიანებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში „ევროპული საქართველოს“ წევრები ჩავიდნენ და სიმბოლური აქციით რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველო-რუსეთს შორის საომარი ქმედებები დაიწყო.

5-დღიანი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა: დაიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცია; 1 747 დაიჭრა; 130 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი; განადგურდა 53 ქართული სოფელი. სწორედ, ომის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო.