პრემიერმა გახარიამ სტიქიით დაზარალებული სოფელი ღები უკვე მოინახულა და ონში საგანგებო შტაბის სხდომას მართავს
პრემიერმა გახარიამ სტიქიით დაზარალებული სოფელი ღები უკვე მოინახულა და ონში საგანგებო შტაბის სხდომას მართავს

A+ A-

14:52 30/07/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონში საგანგებო შტასბის სხდომას მართავს.

მანამდე იგი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც, ორ დასახლებას შორის, საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია.

მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები - პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, რომლებიც სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე პრემიერს დეტალურად ესაუბრნენ.

გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას.

სოფელი ღების მონახულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც ესწრება.

სხდომაზე, რაჭაში სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.

ამავდროულად, საგანგებო შტაბი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, პრობლემური ლოკაციებიდან მოქალაქეები ვერტმფრენების საშუალებით გამოჰყავთ.

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან დაახლოებით 150-მდე მოქალაქეა გამოყვანილი.

ონსა და რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღდგა.