ექსკლუზივი: რულოვსი საარჩევნო ბრძოლას ეთიშება, ჩარკვიანი - „ნაცმოძრაობას“, სამადაშვილი - კოალიციური სიის გამსვლელ ადგილს
ექსკლუზივი: რულოვსი საარჩევნო ბრძოლას ეთიშება, ჩარკვიანი - „ნაცმოძრაობას“,  სამადაშვილი - კოალიციური სიის გამსვლელ ადგილს

A+ A-

19:00 29/07/2020

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ეთიშება. ის არც ზუგდიდში იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. ვინ მოხვდება და ვინ ვერა მთავარ ოპოზიციური პარტიის კოალიციურ საარჩევნო სიაში? შესთავაზეს თუ არა ამ სიის მე-3 ნომრობა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს და მოხვდებიან თუ არა სააკაშვილის სიის გამსვლელ ადგილებზე დეპუტატები - სამადაშვილი- ბოკუჩავა?

სიების საბოლოო  ფორმირებამდე ჯერ კიდევ ერთთვიანი ვადაა, თუმცა, „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარყოფითი გადაწყვეტილება რამდენიმე თანაპარტიელზე მიღებულიც აქვს და საერთო სიის მონახაზიც უკვე გაკეთებულია.

უფრო მეტიც, გამსვლელი ადგილების მფლობელები ცნობილი არიან და ისიც ცნობილია,  კოალიცია „ძალა ერთობიდან“ რომელი ერთკაციანი პარტიების ლიდერები მოხვდებიან ამ სიაში.

 „2020NEWS”-ის წყაროს ინფორმაციით,  სიის გამსვლელ ადგილებზე ვერ მოხვდებიან  დეპუტატები - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა.  მათ ბედს გაიზიარებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გიორგი ბარამიძეც

 

შიდაპარტიული გამოკითხვებით, მაღალი რეიტინგი ამ პარტიაში, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და პრეზიდენტობის ექსკანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს აქვთ.

რეიტინგის გამო, გრიგოლ ვაშაძე სიის პირველი ნომერი იქნება. 

 

სააკაშვილის კოალიციური სიის მეორე ნომერი მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე იქნება. მისთვის ეს ადგილი სიაში შენახულია და საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას.   

მესამე ნომერი ნიკა მელია იქნება, მეოთხე კი -  შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ხატია დეკანოიძე,  რომლის კანდიდატურა, ამავდროულად, სამაჟორიტარო ფრონტზეც განიხილება, თუმცა, თავად დეკანოიძე საარჩევნო  ოლქს ჯერ არ აკონკრეტებს.

სხვათაშორის, ამ კოალიციურ სიაში მესამე ადგილი სულ ახლახანს  „ახალი საქართველოს“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად კოალიციიდან - „ძალა ერთობაშია“ -  გასულ თაკო ჩარკვიანს შესთავაზეს, ვიდრე ის ამ კოალიციას დატოვებდა.

თუმცა, ჩარკვიანმა შეთავაზებაზე უარი თქვა და ვაშაძესთან ერთად ახალი კოალიციით - „სტრატეგია აღმაშენებლით“ გავა საარჩევნო ფრონტზე საბრძოლველად - დამსხვრეული ოცნებებისპარტიის წინააღმდეგ.

 

თუმცა ისნის სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ვაშაძის კანდიდატურა ლეიბორისტული ეზოს ოპოზიციამ დააყენა,  ვაშაძეს სწორედ “ნაცმოძრაობის“  ამომრჩევლის იმედი აქვს, თუმცა, გუშინ ამ პარტიის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, მეგი გოცირიძემ მუქარით განაცხადა, დასჭირდება ისანში ამომრჩეველი და სიდედრმა მოუყვანოს ვაკიდანო. კოალიციიდან გასვლის გამო, ვაშაძეზე თავდასხმა განახორციელა  „ნაციონალმა“ სალომე სამადაშვილმაც, რომელმაც ყოფილ თანაკოალიციელს გადადგმული ნაბიჯი დაუწუნა. 

თავად ვაშაძე კომენტარს არ აკეთებს „ნაცმოძრაობიდან“ წამოსულ უარყოფით  შეფასებებზე და საზოგადოებას ყველა სხვა პარტიაზე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ჰპირდება.

ამასობაში კი, ვაშაძის ნაბიჯის მწვავე შეაფასებაზე  გადართულ თანაპარტიელებს, თავადვე არ აქვთ კარგად საქმე პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალომე სამადაშვილი პარტიის საარჩევნო სიის გამსვლელ ნაწილში ვერ მოხვდება. 

 

ახლა დავუბრუნდეთ კოალიციის სიას. მოკლედ, ჩარკვიანის მე-3 ადგილი, მისივე სურვილით,  ამ სიაში გამოთავისუფლდა. ჩვენთვის ასევე გახდა ცნობილი, რომ  საერთო სიაში გამსვლელ ადგილებზე ჩაწერის მსურველებიდან ამ კოალიციაში მხოლოდ ორს არ გაუცრუვდა იმედები. ესენი არიან ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა.  ისინი სიის ათეულში ვერ მოხვდებიან. მაგრამ გამსვლელ 16 კაცში ნამდვილად იქნებიან.

რაც შეეხება ქალთა კვოტებს, თაკო ჩარკვიანმა მესამეობაზე უარი თქვა, ხატია დეკანოიძე რჩება სიაში. არადა ახალი კანონმდებლობით, პარტიებმა ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესი უნდა წარადგინონ. რამდენადაც  კოალიციას მამაკაცები ბევრი ჰყავს სიაში, ახლა ათეულისთვის დეკანოიძის გარდა,  კიდევ ერთი ქალია მოსაძებნი და ჩვენი ინფორმაციით,  ეს ქალბატონი სიგარეტის დისტრიბუტორი ფირმის,  „ომეგა ჯგუფის“  დამფუძნებლის,  ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, ყოფილი „პატრიოტი“ ნატო ჩხეიძე იქნება - კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსი კოალიციიდან - „ძალა ერთობაშია“.

სხვათაშორის, ჩვენი ინფორმაციით, ნატო ჩხეიძე მაჟორიტარობასაც შეერკინება და ის ან ხაშური-ქარელის,  ანდაც მეუღლის მშობლიური გორი-კასპის ოლქს შეეჭიდება.

რამდენადაც  კოალიცია ახალი წევრების შემომატებას გეგმავს, ასევე კანონით, ყველა პარტიის სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, იქ სწორედ ცნობადი და ახალი ქალი კანდიდატების მოძიებაზე მუშაობენ და ასეთების მოძებნის შემთხვევაში, ოცეულს სამადაშვილი-ბოკუჩავა დაემშვიდობებიან.

აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობაში“ სერიოზული დაძაბულობაა. საარჩევნო სიის შედგენის პროცესში გამსვლელ ადგილებზე ჩაწერის მსურველთა უკმაყოფილება იზრდება, რადგან ყველა ვეღარ მოხვდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თვალთახედვის არეში. 

ეს საშიშროება განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს ემუქრებათ, რომლებიც საზოგადოებას 9-წლიან მმართველობას ახსენებენ,  წონა არ აქვთ და შესაბამისად, პარტიის  შიდა გამოკითხვებშიც რეიტინგულად მოიკოჭლებენ.

"2020NEWS" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურს დაუკავშირდა. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში სააგენტოს ხელთ არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ფორმირება ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად, ჯერ გარკვეული არ არის, ვინ რა პოზიციაზე იქნება. 

შეგახსენებთ,  რომ  ბოლო კვლევებით, მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებში 16%-დან 20%-მდე აიღებს. მომდევნო კვირას პოლიტიკურ კვლევებს დადებს ამერიკული ორგანიზაცია აირაი“ (IRI),  სადაც დეტალურად იქნება გაწერილი,  რომელ პოლიტიკურ ძალასა და რომელ პოლიტიკოსს რა რეიტინგები აქვთ პოსტპანდემიურ და წინასაარჩევნო პერიოდში.

მანამდე კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიაში მოხვდებიან:  სამვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე, ყოფილი ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი, განათლების ექსმინისტრი დიმიტრი შაშკინი,  პარტიის აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია,  პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ექსთავმჯდომარე  ლევან ვარშალომიძე.  გამსვლელ სიაში ასევე იქნებიან ქვემო ქართლის ექსგუბერნატორი დავით კირკიტაძე და კახეთში მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი გიორგი ბოტკოველი.  დანარჩენებიდან,  ვის გაუღიმებს ბედი და ვინ მოხვდება კოალიციურ ოცეულში, ამას მალე შევიტყობთ. 

 

რამდენადაც სია საბოლოო არაა, მისი ფორმირება და დახვეწა კიდევ მოხდება. „2020NEWS“-მა ახლავე გადაამოწმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, რომან გოცირიძესთან.

- ბატონო რომან, 2020NEWS-ისთვის ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამსვლელ სიაში აღარ იქნებიან სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა. გვიდასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

- ძალიან არასერიოზული ინფორმაციია.

-ასევე ჩვენთვის ცნობილია სიის პირველი ათეული, სადაც სიის მესამე ნომერი უნდა ყოფილიყო თაკო ჩარკვიანი, რომელიც ახლა ნიკა მელიამ ჩაანაცვლა...

- სია საერთოდ შემდგარი არ არის. თაკო ჩარკვიანი როგორ შეიძლებოდა სიის ათეულში ყოფილიყო? ვიდრე ჩარკვიანი ბლოკს დატოვებდა, მანამდე სიები საერთოდ არ იყო ცნობილი. საუბარი იყო იმაზე, რომ გიორგი ვაშაძეს უნდოდა თავისი პარტიისთვის იმდენი, რამდენიც დანაჩენ ალიანსში შემავალ პარტიებს.

- ჩვენი ინფორმაციით, ნატო ჩხეიძე გორი-კასპში, ან, ხაშური-ქარელში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ამ ინფორმაციაზე რას იტყვით?

-ნატო ჩხეიძე არის ბლოკში “ძალა ერთობაშია“ და ეს ბლოკი კიდევ უფრო გაფართოვდება როგორც სხვა პარტიებით, ასევე სხვა პირებით, რომლებიც  ამომრჩევლისთვის  ძალიან მისაღები და მიმზიდველი იქნება.

ბუნებრივია, ნატო ჩხეიძე არის ბლოკში “ძალა ერთობაშია“ და ის იქნება, რა თქმა უნდა, საარჩევნო სიაში, მაგრამ იგი მაჟორიტარად მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამას  ბლოკი შემდგომ გადაწყვეტს.

ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ “ძალა ერთობაშია“ გადაიქცეს  დიდ ბლოკად. დღეს ბლოკი იმას ნიშნავს, რომ მას სიაში თავისი წარმომადგენელი ეყოლება, მაგრამ დღეს საუბარი,  ვინ არის სიაში, ან ამა თუ იმ მაჟორიტარზე, გარდა იმ კანდიდატებისა,  რომლებიც უკვე გაცხადდებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჭორია.

ჩვენ ვიცით მარტო ის მაჟორიტარები, ვინც უკვე მუშაობენ და ისინი შეიძლება ჩავთვალოთ უკვე წარდგენილად - კირკიტაძე, ბოტკოველი, ბეჟაშვილი და ვაშაძე.  დანარჩენები  ეტაპობრივად გახდებიან ცნობილი.

-საარჩევნო სია როდის გახდება ცნობილი?

-როდესაც საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ, მაშინ გახდება სიაც ცნობილი.

-მაშინ - საარჩევნო კამპანიას როდის დაიწყებთ?

-ნელ-ნელა დავიწყებთ და ეტაპობრივად დავასახელებთ მაჟორიტარ კანდიდატებსაც. ეს რთული პროცესია.

- ასევე  ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ არ იქნებით 2020-ის საარჩევნო სიის გამსვლელ ადგილზე და გადაინაცვლებთ პარტიულ საქმიანობაში. გვიდასტურებთ ინფორმაციას?

-არასერიოზულია, ისევე როგორც სამადაშვილთან და ბოკუჩავასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.

რუსა მუმლაძე