“გრეის ანატომიის“ ახალი სეზონი COVID-19-ს დაეთმობა
“გრეის ანატომიის“ ახალი სეზონი COVID-19-ს დაეთმობა

A+ A-

14:47 23/07/2020

COVID-19-მა სერიალებშიც გადაინაცვლა. კერძოდ, კორონავირუსმა ცნობილ ამერიკულ სერიალში “გრეის ანატომიაში“ შეაღწია და სერიალის ახალი სეზონი სწორედ COVID-19-ს დაეთმობა.

"ცხადია, ვაპირებთ, რომ პანდემიის თემას შევეხოთ. წარმოუდგენელია ასეთ ხანგრძლივ სამედიცინო სერიალში არ გადმოვცეთ ის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახა", — განაცხადა შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა კრისტა ვერნოფმა.

მისი თქმით, ყოველი სეზონის სცენარზე მუშაობის დაწყების წინ ხვდებიან რეალურ ექიმებს, მათ ისტორიებს ისმენენ და სწორედ მათი შთაგონებით ქმნიან შემდეგ სერიალში ემოციურ ისტორიებს. პანდემიის დროს კი, ყველაზე მეტი სწორედ სამედიცინო პერსონალს ექნება მოსაყოლი.

"ყოველწლიურად ვხვდებით ექიმებს და ისინი თავიანთ გამოცდილებაზე გვიყვებიან: როგორც წესი, მათ ყველაზე სასაცილო ან დაუჯერებელ ისტორიებს. ამ წელს ეს უფრო თერაპიას ჰგავდა: ექიმებისთვის პირველები ვიყავით, ვისთანაც გასული თვეების გამოცდილებაზე შეეძლოთ გულახდილად ესაუბრათ. ისინი ამბის თხრობისას კანკალებდნენ და ცდილობდნენ, არ ეტირათ. ისინი ამბობენ, რომ მათი სამუშაო პროცესი ომს ჰგავდა — ომს, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ. ვფიქრობ, ჩვენს შოუს აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაც, რომ სწორედ ეს ისტორიები გადმოსცეს მაყურებელს", — განაცხადა ვერნოფმა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება “გრეის ანატომიის“ ახალი სეზონის გადაღებები.