წამლის "გამსაღებელი ექიმები" - დაფარული პრობლემა, რომლის არსებობაც ყველამ იცის
წამლის "გამსაღებელი ექიმები" - დაფარული პრობლემა, რომლის არსებობაც ყველამ იცის

A+ A-

11:28 23/07/2020

ექიმების ნაწილი საჯაროდ ალაპარაკდა იმაზე, რომ არცთუ იშვიათად, მათი კოლეგები ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებით პაციენტებს უსარგებლო მედიკამენტებს უნიშნავენ. მართლაც არღვევენ თუ არა ექიმები პაციენტების უფლებებს, ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს პირადი გამორჩენის მიზნით და ერთვებიან თუ არა ე.წ. არაეთიკური მარკეტინგის სქემებში?

გაიხსენეთ, ექიმის კაბინეტიდან გამოსულს, რამდენჯერ გჭერიათ ხელში დანიშნულება - წამლების გრძელი ჩამონათვალით და რამდენჯერ შეგპარვიათ ეჭვი, ნუთუ ყველა ეს წამალი მჭირდება?!

პაციენტისთვის, როგორც წესი, თითქმის შეუძლებელია იმის გადამოწმება, ამოძრავებდა თუ არა ექიმს პირადი ინტერესი დანიშნულების დაწერისას.

„ექიმმა წამლის გამოწერაში პროცენტი არ უნდა აიღოს. ოდესმე უნდა დასრულდეს ეს სიმახინჯე, რაც იწვევს წამლებისა და სხვა “არა-წამლების” პანტა-პუნტით დანიშვნას“, - ეს ნაწყვეტია ექიმი გასტროენტეროლოგის, ჯაბა ზარქუას საჯარო ფეისბუკ პოსტიდან, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დაწერა და თქვა, რომ ამაზე საუბარი „სუსტად და ხმადაბლა“, მაგრამ თავად ექიმებს შორისაც ნელ-ნელა იწყება. 

რა არის და როგორია არაეთიკური მარკეტინგი სამედიცინო სფეროში და წამლის გაყიდვის რა სქემები მოქმედებს საქართველოში?

გარიგების სქემები

ჩვენი რესპონდენტი ექიმი, რომელიც მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვთანხმდა ინტერვიუზე, იმ სქემის რამდენიმე დეტალზე საუბრობს, რომელიც სამედიცინო სფეროში დიდი ხანია მოქმედებს.

ექიმთან მიდის რომელიმე ფარმაცევტული ფირმის წარმომადგენელი, რომელიც მისი კომპანიის წამლების დანიშვნას სთავაზობს და უტოვებს ბლანკიან ფურცელს, რომელზეც ეს წამლებია ჩამოწერილი. როცა ექიმი ამ წამლებს დანიშნავს, ბლანკზე უთითებს თავის სახელსა და გვარს.

ეს ბლანკი ჯერ პაციენტის ხელში ხვდება, შემდეგ კი, აფთიაქში რჩება.

ასე, მარტივად კონტროლდება დანიშნა თუ არა ექიმმა კონკრეტული კომპანიის წამალი. თუ ამ გზით გაიყიდა მედიკამენტი ექიმს სანაცვლოდ ერგება საჩუქარი - კოსმეტიკა, რაიმე ბრენდირებული ნივთი, ტკბილეული ან სხვა წამახალისებელი რამ.

და რაც მთავარია, ფული.

„პირდაპირ შემოუთავაზებიათ - თუკი მე დავნიშნავდი მაგალითად 35 ლარიან ანტიბიოტიკს, თითო გაყიდული წამლიდან 5 ლარი მე ჩამერიცხებოდა. მოითხოვეს ჩემი ანგარიშის ნომერიც. “ - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი ექიმი, რომელიც მიუღებლად თვლის ამ პრაქტიკას, თუმცა შეთავაზების ფაქტს ადასტურებს.

შემოთავაზებას მოჰყვება ხოლმე ე.წ. ფასდაკლების ბარათები, რომლებიც დამატებით ხიბლავს პაციენტებს. ყველამ არ იცის, რომ აფთიაქებს ფასდაკლების აქციები ისედაც აქვთ და ეს ბარათები წამლების იაფად საყიდლად საერთოდ არ არის საჭირო.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი რესპონდენტისთვის ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მისი პაციენტების საკონტაქტო ინფორმაციასაც უთხოვიათ, იმისთვის, რომ მოგვიანებით მათთან გადაემოწმებინათ, ნამდვილად შეიძინეს თუ არა დანიშნული პრეპარატი.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გარიგება ხდება კლინიკასა და კონკრეტულ ლაბორატორიას შორს. ჩვენი რესპონდენტი არ ასახელებს იმ საავადმყოფოს, რომლის ლაბორატორიასთანაც მათ კლინიკას ჰქონდა შეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ ანალიზების გასაკეთებლად, ისინი პაციენტებს სწორედ ამ ლაბორატორიას ურჩევდნენ, ხოლო შემდეგ, ეს ლაბორატორია, მათ შემოსავლის გარკვეულ პროცენტს ურიცხავდა.

რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული 35 ადამიანიდან 25-მა გვითხრა, რომ მათ ჰქონიათ გამოცდილება, როდესაც ექიმმა მათ სწორედ საფირმო ბლანკზე ჩამოწერილი მედიკამენტები დაუნიშნა და მათ შესაძენად კონკრეტული აფთიაქიც ურჩია.

„თქვენზე თანხაა გამოწერილი“

ექიმი ჯაბა ზარქუა იხსენებს ერთ მაგალითს საკუთარი საექიმო პრაქტიკიდან, როდესაც ერთ დღეს, ერთი კლინიკიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მის სახელზე ჰონორარი იყო გამოწერილი. თანხა რამდენიმე ათას ლარს შეადგენდა.

როცა დავინტერესდი რისთვის უნდა ამეღო ეს გასამრჯელო, მიპასუხეს: იმისთვის რომ ჩემმა პაციენტმა მათ კლინიკაში ჩაიტარა საკმაოდ ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურა. საინტერესო აქ ის არის, რომ პაციენტს მხოლოდ სამედიცინო პროცედურის ჩატარება ვთხოვე, კონკრეტული კლინიკა მისთვის არ მირჩევია. ცხადია, ეს ბონუსი არ ავიღე” - ამბობს მკურნალი ექიმი.

ხშირად, მასთან მოხვედრილან ისეთი პაციენტები, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ, მაგალითად, ღვიძლის დამცავი საშუალებები, ჰეპატოპროტექტორები, რომლებიც პაციენტს, არ სჭირდებოდა.

„მიჭირს ვთქვა, რამდენია ან რა სახის ეს გასამრჯელო, მაგრამ გაყიდული წამლებიდან რაღაც რაოდენობის „ქეშბექი“ ექიმს რომ ერგება, ეგ ფაქტია და ეს ჩვენ ვიცით. და თუ ამას არ ვაღიარებთ, ვერც პრობლემა მოგვარდება. მე, როგორც ექიმს, ეს ძალიან მაწუხებს, რადგან ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ექიმის პრობლემა. მსგავსი ქცევა, მთელი სამედიცინო სპექტრის ავტორიტეტზე აისახება და ეს ქცევა აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც დასავლეთში ხდება: იქ ავტორიტეტიანი ექიმები წამლებს არ ასაღებენ“.

დასავლეთში, თუკი ექიმი რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს ეს საჯაროდ გაცხადებული ფაქტია.

„ეს აქ კორუფციად ითვლება“

ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, ირმა კვიცარიძეს რადიო თავისუფლებამ ავსტრიული გამოცდილების შესახებ ჰკითხა, რაზეც ირმამ მოგვწერა, რომ იქ კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ექიმმა აიღოს თანხა ფარმაცევტული ფირმისგან.

„საწერ კალამსაც კი ვერ აიღებ ფირმის წარწერით. აქ ეს კორუფციაა. ხოლო თუ რომელიმე ექიმმა მიიღო წამლის კვლევაში მონაწილეობა და მისი სასტუმრო ან მგზავრობა გადაიხადა ფარმა ფირმამ, ეს ექიმი ვალდებულია, ვიდრე მოხსენებას დაიწყებს აუდიტორიის წინაშე გამოაცხადოს, რამდენი გადაუხადა მას ფარმაფირმამ ან რა ხარჯები დაუფარა. ამით უნდა გამოირიცხოს მოხსენების მიკერძოებულობა“, - გვითხრა ირმა კვიცარიძემ.

მისივე თქმით, ავსტრიაში, წამლის დანიშვნა კონტროლდება სპეციალური წესებით, გაიდლაინებით და სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის მიერ.

რას ამბობენ ფარმაცევტული კომპანიები?

 

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა რამდენიმე ადგილობრივ და რამდენიმე უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიას. ზოგიერთი მათგანისგან პასუხს კითხვაზე დღემდე ველით.

„ავერსში“, გვითხრეს, რომ ექიმებისთვის კომპანია სისტემატურად აწყობს მედიკამენტების პრეზენტაციას, თუმცა სხვა სახის შეთანხმება კომპანიისთვის მიუღებელია.

ვესაუბრეთ საქართველოში „ალკონ ფარმასიუტიკალსის“ წარმომადგენლობის დირექტორს, თინათინ დარჩიას.

ამ კომპანიას საქართველოში ქირურგიული მასალა და აპარატურა შემოაქვს. კომპანიის შინაგანაწესით, მათ აკრძალული აქვთ ექიმებისთვის ფულის ან ფასიანი საჩუქრების შეთავაზება და ამ გზით საკუთარი პროდუქციის რეკლამირება.

„[გვეკრძალება] ექიმების კონფერენციების დაფინანსება იქნება ეს თუ სხვა რამ. ჩვენს დისტრიბუტორებს ეს კონტრაქტებშიც კი უწერიათ“. - ამბობს თინათინ დარჩია.

ჩავწერეთ ინტერვიუ ფარმაცევტული კომპანია „გრინდეკსის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან. ნათია კიკვაძე ამბობს, რომ კომპანია ახალ პრეპარატებზე ექიმებს მხოლოდ ინფორმაციას აწვდის და წამლის გაყიდვით მიღებული მოგების ექიმებისთვის გადახდა მათთვის მიუღებელია.

“ერთადერთი, რაშიც ჩვენ შეიძლება ფული გადავიხადოთ, ეს არის ჰონორარი ლექციებისთვის. ასევე, ხანდახან, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩვენ მათ ვუფინანსებთ ვიზიტს სამეცნიერო კონფერენციაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ მასში ჩვენი კომპანია უნდა მონაწილეობდეს. ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული გზაა“.

ნათია კიკვაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არაეთიკური მარკეტინგი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს ბაზარი არაერთმა ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დატოვა.

„თუ ეს სისტემა დარჩება ისე, როგორც არის, ანუ: ფარმაკომპანია წამალს ადებს 100 ლარს, რეალურად ის უჯდება 5 ლარი, აქედან 50 ლარს ექიმს აძლევს და დანარჩენი მოგება თავად რჩება, არაფერი შეიცვლება. ევროპული კომპანიები დატოვებენ ბაზარს.”

ამ სქემაში ექიმების ჩართვის მთავარ მიზეზად საქართველოში ექიმების დაბალი ანაზღაურება სახელდება.

ზუსტი მონაცემის მოპოვება გაგვიჭირდა, რადგან ექიმების შემოსავალი განსხვავდება. თუმცა თუ თავად ექიმებს დავეყრდნობით, მათი საშუალო თვიური ხელფასი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქში, რომელ კლინიკაში და რომელ დარგში მუშაობს ექიმი. და ეს თანხა 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს.

თუ საქსტატის მონაცემებს მოვიშველიებთ, 2018 წელს, ჯანდაცვისა და სოცდახმარების სფეროში ქალის ხელფასი იყო 854 ლარი, ხოლო მამაკაცის ამავე სფეროში - 1337 ლარი.

ბაზრიდან წასული კომპანიები

რამდენიმე ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე დატოვა საქართველოს ბაზარი, მათ შორის ისეთებმა, როგორებიც არიან Glaxo, Sandoz, astellas pharma. - ყველა მათგანი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრები იყვნენ.

მათი წასვლა ბაზრიდან ე.წ. არაეთიკურ მარკეტინგთან პირდაპირ კავშირშია, ამბობს ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი დასავლური კომპანიები ისეთი მკაცრი მარკეტინგული კოდექსებით ხელმძღვანელობენ, რომ მათ ბრენდირებული კალმის ჩუქებაც კი აკრძალული აქვთ ექიმებისთვის.

ამ ფონზე კი, როდესაც სხვა კომპანია ექიმს არათუ კალმით, არამედ სხვა საჩუქრით ან ფულადი ანაზღაურებით ხიბლავს და შედეგად, მის პრეპარატს ანიშნინებს, კონკურენციის გაწევა ძალიან რთული საქმეა.

ირაკლი მარგველაშვილს მოჰყავს კომპანია Glaxo-ს მაგალითი, რომელიც ბრენდულ (ორიგინალ) წამლებს აწარმოებს. ამ კომპანიის ერთ-ერთი ანტიბიოტიკი საქართველოში იყიდებოდა დაახლოებთ ორჯერ-სამჯერ იაფად, ვიდრე ერთ-ერთი გენერიკული წამალი. საერთაშორისო სტანდარტით ფარმაკოლოგიური კომპანია ექიმს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას მედიკამენტსა და მის გვერდით მოვლენებზეც, ხოლო ექიმი თავად წყვეტს დანიშნოს თუ არა ეს წამალი.

მაგრამ რა არის გამოსავალი, სანამ ეს სქემა საქართველოში ყველა ექიმის შემთხვევაში არ მუშაობს?

ირაკლი მარგველაშვილის აზრითაც, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში არ მუშაობს.

„ჩვენ ვამბობთ - ნაწილობრივ მაინც გავასაჯაროოთ ეს პროცესი. არ იყოს დამალული ხელშეკრულება ფარმაცევტულ კომპანიას და ექიმს შორის. ვინ რომელ კონგრესზე წავა და რა თანხით, ამას ხედავდეს ჯანდაცვის სამინისტროს რომელიმე ორგანო და აკონტროლებდეს, მაგრამ ეს ინიციატივა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ ხიბლავს და სახელმწიფოც ერიდება მათ გაღიზიანებას“, - ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ "ჯანდაცვის შესახებ კანონში" არსებული ჩანაწერი, რომ „ჯანდაცვის მუშაკი არ უნდა შევიდეს გარიგებაში კომპანიასთან“ ძალიან ზოგადია იმისათვის, რომ იმუშაოს და მეტ დეტალიზაციას მოითხოვს.

ირაკლი მარგველაშვილს "ფარმაციული პროდუქციის შესახებ" ახალი კანონის იმედი აქვს - შესაძლოა მასში ჩადებულმა სტანდარტებმა შეცვალოს ბევრი რამ სფეროში.

თუმცა ეს კანონპროექტი, მისი ინფორმაციით, ჯერ ჯანდაცვის კომიტეტში დამუშავების ეტაპზეა.

სადაზღვევო კომპანია - როგორც ერთ-ერთი მაკონტროლებელი რგოლი?

საქართველოში საყოველთაო დაზღვევა მედიკამენტების საფასურს არ ფარავს, ხოლო წამლები მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ყველაზე მთავარი ხარჯია, ფინანსური კონტროლი აქ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურა ჭიაბერაშვილი იხსენებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, ის მოქალაქეები, ვისაც არ ჰქონდა დაზღვევა, ყოველ ას ლარზე დაახლოებით 55 ლარს ხარჯავდნენ წამლებში საკუთარი ჯიბიდან.

ხოლო ვისაც კერძო დაზღვევა ჰქონდა, მათი ხარჯი იყო გაცილებით ნაკლები - ანუ სადაზღვევო კომპანია აკონტროლებდა თავის დაზღვეულებს. შიდა სისტემის საშუალებით ის ხედავდა, მის პროვაიდერ კლინიკაში ესა თუ ის ექიმი რა წამალს ნიშნავდა და დაეჭვების შემთხვევაში, კითხვებსაც სვამდა.

„ანუ იქამდე მივდივართ, რომ ყველაზე ეფექტიანი კონტროლი მაინც არის ის, რომ წამალში ფულის გადამხდელმა აკონტროლოს გამოწერილი წამალი. მაგალითად, ნახოს, არსებობს თუ არა ბაზარზე ამ წამლის ხარისხიანი „ჯენერიკი“, რომელიც გაცილებით იაფია“.

დღეს, როცა არც ელექტრონული რეცეპტების სისტემა არსებობს, საერთო სურათის დანახვა შეუძლებელია. და რადგან ეს სფერო კონტროლს მიღმა რჩება, ფარმაცევტული კომპანიები ამით სარგებლობენ.

„ძალიან ხშირად ვხედავთ როგორ იქცევა ხოლმე ერთკვირიანი ე.წ. კონფერენცია სადმე, ჰავაის კუნძულებზე ან კრუიზის გემზე, „გამსაღებელი ექიმების“ უფასო დასვენებად. სადაც, რეალურად კონფერენცია სულ ნახევარი დღე გრძელდება. ასეთი „კონფერენციების“ შედეგი არის ხოლმე შემდეგ პოლიპრაგმაზია - საჭიროზე მეტი მედიკამენტის დანიშვნა“, - გვეუბნება ზურა ჭიაბერაშვილი.

პოლიპრაგმაზია - ძველი პრობლემა 2016 წლის კვლევიდან

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარს იკვლევდა ჯერ 2012 წელს, შემდეგ 2016 წელსაც. მათ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მთავარ მიგნება სწორედ ის არის, რომ:

  • პოლიპრაგმაზია ანუ ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა) საქართველოში გადაუჭრელი პრობლემაა;
  • ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა არ არსებობს.

ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ გზად „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ასახელებდა ერთი მხრივ, ელექტრონული რეცეპტების უფრო მასშტაბურ/სავალდებულო შემოღებას და ელექტრონული რეცეპტების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას. და მეორე მხრივ - იმ პროტოკოლების, წესების, სტანდარტების არსებობას, რომლებიც განსაზღვრავდა როგორ დაისვას დიაგნოზი და როგორ უმკურნალონ კონკრეტულ დაავადებას.

ამ გამოკვლევის ერთ-ერთი რეკომენდაცია ფარმაკოზედამხედველობის პრობლემის გადასაჭრელად იყო ასევე ის, რომ კანონს დაევალდებულებინა რეგისტრაციით დაინტერესებული პირი რეგისტრაციის პროცესში წარმოედგინა გვერდითი ეფექტების მონიტორინგის გეგმა.

პრობლემა, როგორც ზემოთაც ვნახეთ, არც 2020 წელს მოგვარებულა.

პრობლემა არის, მაგრამ გადაჭრის გზა არ ჩანს

არაეთიკურ მარკეტინგს, როგორც პრობლემას, სახელმწიფოც აღიარებს და ამას როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გვითხრა, საქართველოს კანონდებლობაში შესაბამისი მუხლებიც არეგულირებს. თუმცა არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები თუ რამდენ შემთხვევაში დაისვა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

„თითქმის არ არის ასეთი შემთხვევები აღნუსხული, რადგან აშკარაა, რომ ასეთი პრაქტიკა, თუკი ის არსებობს, ჩრდილში რჩება. ჩემთვის რთულია დაბეჯითებით იმის თქმა, რამდენად რეალურად ხდება მსგავსი რამ, თუმცა ამის რეალური მინიშნება გახლავთ მედიკამენტების ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენება, რაც პრობლემაა საქართველოში“.

თამარ გაბუნია იხსენებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს, სამინისტრომ აამოქმედა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, დაეჭვებულ პაციენტს შეეძლო მიემართა სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფისათვის მისი დანიშნულების შესასწავლად, მაგრამ ამ მექანიზმმა არ იმუშავა - მათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიმართა.

თამარ გაბუნია არ უარყოფს, რომ ამ სფეროს კონტროლი არ არის ადვილი მსგავსი არაეთიკური საქციელის გამოვლენის თვალსაზრისითაც. ფიქრობს, რომ პრობლემას ვერც მხოლოდ ექიმის ხელფასის გაზრდა გადაწყვეტს და ვერც გამკაცრებული კანონი, რადგან შეიძლება ადამიანმა უარი ვერ თქვას ცდუნებაზე.

"რადიო თავისუფლება"