შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება - კახა კოჟორიძე
შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება - კახა კოჟორიძე

A+ A-

18:46 22/07/2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკისრება, ხოლო იურიდიული პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებსაც სწრაფი და დროული მოქმედება ევალებოდათ, თუმცა არ განახორციელეს.

ამის შესახებ “2020NEWS”-ს პარტია “ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა.  მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა სამართალდამცველი სისტემა პოლიტიკური დაკვეთის შესრულების იარაღად აქცია.  კოჟორიძეს მიაჩნია, დღეს, გამომძიებელმა გამოძიების პროცესში, რომ აღმოაჩინოს,  თურმე დანაშაული ჩაუდენია „ქართული ოცნების“  მაღალჩინოსანს, ან მის ნათესავს, ის საქმეს აღარ  წაიყვანს წინ, რადგან სამსახურის დაკარგვის შიში აქვს.

და მაინც, რატომ დაგროვდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილამდე, შაქარაშვილიდან 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილამდე ამდენი სისტემურად გაუმართავი საქმე საგამოძიებო უწყებებში? ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს იურისტ კახა კოჟორიძესთან.  

- გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის ინფორმაციით გამოძიება მხოლოდ მესამე დღეს დაინტერესდა. ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყნის საგამოძიებო სისტემებში  ტოტალური არაპროფესიონალიზმია?

- სამწუხაროდ, ჩვენ ტრაგედიებს ვუყურებთ არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, არამედ

ვინც მსგავს სამართლებრივ საქმეებზე ვმუშაობთ, ამ პრობლემებს წლების წინაც ვაწყდებოდით. მუდმივად ვსაუბროთ, მაგრამ საზოგადოების ინტერესის მობილიზება ხდება მაშინ, როცა ტრაგედიები ხდება. ეს  პრობლემა წლების დაგროვილია. ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, სრულ კატასტროფას, არის წლების წინ დაწყებული პრობლემების გამოძახილი.

სამწუხაროდ, სამართალდამცავთა სისტემა „ქართულმა ოცნებამ“  პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ინტრუმენტად  აქცია. მას დაუკვეთეს, დასაჯოს ოპოზიცია, ხელი დააფაროს საკუთარ მხარდამჭერებსა და პარტიულ ლიდერებს.  

როდესაც სისტემას პოლიტიკურ დავალებას აძლევ, მერე ის სისტემა ჯანსაღად აღარ მუშაობს. სისტემაში სულ სხვა მენტალიტეტი ინერგება. პროფესიონალიზმზე ორიენტაციას აღარ აკეთებენ და ეს მათი ცხოვრების ყოველდღიური მიზანი და ფუნქცია აღარ არის. ეს მიდგომა უამრავ ტრაგიკულ ამბავზე აისახება. 

რასაც ვუყურებთ, ყველა ადამიანს კითხვა უჩნდება, რომ მე რანაირად ვარ ამ ქვეყანაში დაცული?! ჩემი შვილები როგორ არიან დაცულნი?! ელემენტარულ რაღაცეეზე ვსაუბრობთ.  

კომპიუტერი, რომ უნდა ამოეღოთ დროულად, იქნებ, იქ ინახებოდეს რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამას რად უნდა იურიდიული განათლება და დიდი საგამოძიებო გამოცდილება?! ამას ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება.

- 4 დღე ვერ იპოვეს მანქანაც. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ პოლიციელებს მანქანის გაუჩინარების ადგილის გარშემო სოფლებიც არ აქვთ დათვალიერებული ნორმალურად.. 

- ადვილი საპოვნელია ტრიალ მინდორზე გაჩერებული მანქანა. ეს ხომ არის არის რთული ამბავი?! თივის ზვინში დამალული ნემსი ხომ არ არის ტრიალ მინდორზე გაჩერებული მანქანა?! დღეს  ათასი ტექნიკური საშუალებებია, ამის გამოყენება რანაირად ვერ უნდა მოხერხდეს?! 

ჩვენ ვიცით, რომ სისტემაში ყველას ვერ დავადანაშაულებთ არაპროფესიონალიზმში, მაგრამ სამწუხაროდ, მთლიან სისტემაში ასეთი სურათია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი, მათი პოლიტიკა არ არის პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, არც სამართალდამცავ  სისტემაში  და არც სხვა უწყებაში.  

როდესაც შენ  უახლოეს ადამიანებს, შენი დაცვის უფროსს, შენი კბილის ექიმს  - ახლობლობის ნიშნით  - მინისტრებად ნიშნავ  და მთავრობას ასე აკომპლექტებ,  მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ რომელიღაც დეპარტამენტის უფროსი თავის ბიძაშვილს გამომძიებლად მოიყვანს. ასეთი ადამიანი არაფერს გააკეთებს და შემდეგ იჩაგრებიან ჩვეულებრივი მოქალქეები, რომლებსაც საახელმწიფო ვეღარ იცავს.

თუ ყველა სტრუქტურაში პროფესიონალიზმი არ იქნა დაფასებული და წინ წამოწეული,  სისტემას ტოტალური კრახი ელოდება. ამ საკითხს დეპარტამენტის უფროსისა და გამომძიებლის  შეცვლა ვერ უშველის იმიტომ, რომ თუ დღეს ერთს შეცვლი,  ხვალ შეიძლება ამ პრობლემამ თავი სხვაგან იჩინოს და ასე - მინისტრებისა თუ პრემიერების დონეზე გაგრძელდეს.

20 ივნისის  საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ

პოლიტიკური დაკვეთა მისცეს და როდესაც შენ ასე იქცევი, აღარ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ მსგავსი რაღაცეები ქვედა რგოლებშიც არ მოხდება.

ძალიან ცუდია, რომ ვინც ღირსეულია, მაგალითად გამომძიებელი, პროკურორი,

თუნდაც მოსამართლე, მათი დაფასება არ ხდება, მათ სისტემა არ უდგას მხარში. თუ ისინი სწორად მოიქცევიან, სისტემიდან გააგდებენ. 

ამის მაგალითი იყო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც  მაშინდელი მინისტრის, ლევან იზორიას კანონდამრღვევი ძმა დააკავა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სწორი მოქმედებისთვის  ამ ადამიანისთვის პატივი ეცათ, სისტემიდან გააგდეს. 

დღეს, გამომძიებელმა გამოძიების პროცესში რომ აღმოაჩინოს, თურმე დანაშაული ჩაუდენია „ქართული ოცნების“  მაღალჩინოსანს, ან მის ნათესავს, ის

საქმეს აღარ  წაიყვანს წინ იმიტომ, რომ შეეშინდება, სამსახური თვითონაც არ დაკარგოს. 

კატასროფული მდგომარეობაა. სისტემა არ აფასებს კვალიფიციურ ადამიანებს, მიყავს არაკვალიფიციურები და მათ პოლიტიკურ დავალებას აძლევს - ეს გამოიძიე, ის დასაჯე და მტკიცებულებების ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს. ამავდროულად, როდესაც სასამართლო გყავს ისეთი, როგორიც გყავს არა  აქვს მნიშვნელობა სამართლებრივად რა საქმე იქნება, ხარისხზე არავინ ფიქრობს, რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. მახინჯი სისტემის უპირველეს მხვერპლს ეს დაუცველი ადამიანები წარმოადგენენ. 

- ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს?

- ვახტან გომელაურს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. იურიდიული პასუხისმგებლობა კი, უნდა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, სწრაფი, ეფექტური, დროული მოქმედება და ეს დროული მოქმედება არ განახორციელეს.  

ვინ იცის, იქნებ გადარჩენაც შეიძლებოდა. მაგალითად, როგორც შაქარაშვილის საქმეზე ხომ არის სხვადასხვა ექპერტების მოსაზრება, რომ ის შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში, ცოცხალი იყო და დროზე რომ ემოქმედათ სამართალდამცველებს, შეიძლება გადარჩენილიყოო.

სწრაფ რეაგირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანების გადასარჩენად, ასევე ცხელი კვალი აუცილებელია გამოძიებისთვის და ამ კვალზე მიდევდნება. ეს ადამიანებს შეუძლია მეხუთე კლასის საგამოძიებო ლიტერატურაში წაიკითხონ. 

გამოძიებას ეს სტანდარტი თუ არ ექნება, რანაირად ვიმუშაოთ?! რა თქმა უნდა, იურიდულ პასუხისმგებლობაზეც პირდაპირ შეიძლება იყოს საუბარი იმიტომ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია -  სამსახურეობრივი გულგრილობა არის დანაშაული. როდესაც შენ კანონით გეკისრება და ვალდებულება გაქვს დროული, ეფექტური რეაგირება მოახდინო, თან ამის რესური გაგაჩნია და ამას არ აკეთებ, რაღაც მიზეზების გამო, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზია, ეს სამსახურეობრივი გულგრილობაა.   

შენ უკვე დამნაშავე ხარ და ასე დამნაშავედ აქცია „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი ადამიანი. 

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“  ეს გასვრილი სისტემა აწყობს. ბიძინა ივანიშვილის მთავარი  სტრატეგიაა - გასვარე და იბატორე. ასე გასვრილი ადამიანი არის მარტივად სამართავი და შესაბამისად, სისტემაც ამ პრინციპზეა აგებული.

ხატია მამულია