გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

A+ A-

17:46 10/07/2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. ამის შესახებ "2020NEWS"-ის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, თუ ვნახეთ საქმის მასალებში, რომ ვინმეს რაიმე ფორმით, გიორგის მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა, გაძლევთ გარანტიას, რომ ეს წრე მაშინვე გაფართოვდება.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს, თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ ამ მუხლით იქნას გადაკვალიფიცირებული ამ პირების ბრალდება, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაფართოება. თუმცა, თუ გამოიკვეთა, რომ დამატებით ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, წეღან დაისვა კითხვა "მერსედესში” მსხდომ პირებთან დაკავშირებით, თუ ვნახეთ საქმის მასალებში, რომ ვინმეს, რაიმე ფორმით გიორგის მკვლელობასთან შემხებლობა ჰქონდა, გაძლევთ გარანტიას, რომ ეს წრე მაშინვე გაფართოვდება”,- განაცხადა ნიკოლაძემ.

კითხვაზე, შეხვდა თუ არა გარდაცვლილის ოჯახი ან თავად ნიკოლაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას? ნიკოლაძე პასუხობს: - “თქვენ ახლა ამ კითხვას სერიოზულად მისვამთ? უკვე მეორე არასერიოზულ კითხვას სვამთ. გახარია ტელევიზორის გარდა, არსად გვყავს ნანახი, არც მე და არც ოჯახის წევრებს, რა სისულელეა. მსგავსი კითხვა აღარ დამისვათ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნითვე ირკვევა, რომ შაქარაშვილს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.