რა ინტერესები აქვს მარგანეცში მამაცაშვილი-ფარცხალაძის კლანს?! - "GM"-ის დროებით მმართველს უფლებამოსილება გაუგრძელეს
რა ინტერესები აქვს მარგანეცში მამაცაშვილი-ფარცხალაძის კლანს?! - "GM"-ის დროებით მმართველს უფლებამოსილება გაუგრძელეს

A+ A-

14:55 09/07/2020

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების და სასამართლოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმსხვილეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებით მმართველს უფლებამოსლების ვადა კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი მადნის მომპოვებელ კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, სკანდალური და გადამდგარი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ასევე სკანდალური ბიზნესმენის, გია (რიჟა) კაპანაძის, ასევე, სხვათა და სხვათა და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებს კიდევ 3 წლის განმავლობაში დაიცავს. დასაცავი კი ძალიან ბევრია - უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც ჭიათურიდან ყოველწლიურად გაედინება - 600 მილიონი დოლარის ქონება ყოველწლიურად.

მაშ ასე: „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითმა მმართველმა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ჩიქოვანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წლის 8 მაისიდან 2023 წლის 9 მაისამდე გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიქოვანი კვლავ განაგრძობს კომპანიაში ერთპიროვნულ მმართველობას. თავად ჩიქოვანს კი (რა თქმა უნდა არაოფიციალურად, მაგრამ რომ მართავენ ყველამ იცის) მართავენ - უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გია (რიჟა) კაპანაძე და ა.შ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 მაისის განჩინების თანახმად (საქმის N 3/3381-17), გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით დადგენილი შპს ,, ჯორჯიან მანგანეზის" (ს/ნ: 230085797) სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედება იმავე წესითა და პირობებით (მართვა სპეციალური მმართველის მიერ განხორციელდეს ერთპიროვნულად, დამოუკიდებლად და ყველა იმ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია დირექტორის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების ხელმძღვანელობით და მმართველობით კომპეტენციად.

სპეციალური მართვის რეჟიმის განმავლობაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) მართვაში კერძოდ, საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაში მონაწილეობა ეკრძალებათ, რაც არ ეხება სპეციალურ მმართველს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ს/ნ 230085797) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს/ ორგანოს.) სანებართვო/სალიცენზიო ქმედების განხორციელებისა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესასრულებლად, არაუმეტეს 3 წლით, 2023 წლის 9 მაისის ჩათვლით“,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც „2020NEWS“-ს დაუმალეს, მაგრამ ადვილი მოსაპოვებელი აღმოჩნდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 3 წლის წინანდელი მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დროებითი მმართველი ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში შევიდა. მოტივი კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული კოლოსალური ზარალი იყო, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენდა.

ჩიქოვანი კომპანიაში 14 პუნქტიანი გეგმით მივიდა. თუმცა, რა შესრულდა ამ 14 პუნქტიანი გეგმიდან, არავინ იცი, რადგან ჭიათურის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ კატასტროფულია; ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობით ამ რაიონის მოსახლეობა სამეულში შედის;  ჭიათურის რაიონის სოფლები კვლავ გადათხრილია; მადნით დატვირთული ავტომანქანების კოლონები უპრობლემოდ გადაადგილდება ქალაქში; კომპანია გარემოზე მიყენებულ ზარალს კვლავ არ იხდის; იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც მარგანეცი მოიპოვება, სახლებს უნგრევენ და კომპენსაციას არ აძლევენ; შრომის უსაფრთხოების მხრივ, პირველყოფილი თემური წყობილებაა და რაიონიდან ხალხი გამორბის - ყოველდღიურად იმატებს  ბოქლომდადებული სახლების რაოდენობა, რადგან სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს აქვს, სიკეთის და კეთილდღეობის ნაცვლად, ამ რაიონის მოსახლეობას აღრჩობს. სამაგიეროდ, მილიონებს შოულობენ დაწინაურებული და აღზევებული პირები, ხშირ შემთხვევაში აღზევებული მდაბიობი. 

რა წერია 14 პუნქტიან გეგმაში?

ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ, ჯერ კიდევ 2017 წელს წარდგენილ სამოქმედო გეგმაში წერია, რომ  2017-2020 წლებში შემდეგი ღინისძიებები უნდა განხორციელდეს:

დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები. 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით;

დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი; უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქალაქ ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან.

ვინაიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი, „2020NEWS”-მა ლევან დავითაშვილის უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციის მისაღებად მიმართა: რატომ გაუხანგრძლივდა დროებით მმართველს უფლებამოსილების ვადა კიდევ 3 წლით და რა შეასრულა აღებული ვალდებულებებიდან დროებითმმა მმართველმა, უფრო სწორად კი, გია (რიჟა) კაპანაძის გუნდმა, რომელმაც, „2020NEWS”-ის ინფორმაციით, ჭიათურაში ე.წ. მსხვილი კოოპერატივები შეიძინა და მრავალმილიონიანი ქონების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიფართოვა. გარდა ამისა, სწორედ ეს გუნდი შევიდა ტყიბულის შახტების მართვაშიც  გასულ წელს და თერჯოლაში ახალი საწარმოს მშენებლობაც დააანონსა(!!!!!!!!!)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარკვეული ბიუროკრატიული მოთხოვნების მომიზეზებით, „2020NEWS”-მა ვერ მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა გაგვერკვია, რა ბედი ეწია ჭიათურის გარემოს და როგორ შეიცვალა მდგომარეობა ივანიშვილი-მამაცაშვილი-ფარცხალაძე-კაპანაძის იქ მოპოვებული ძალაუფლების და გავლენების შემდეგ. პასუხიც და შედეგიც სახეზეა, თუმცა დავითაშვილის უწყების პასუხს, მისი არსებობის შემთხვევაში, „2020NEWS” დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ და მიაწოდებს ჭიათურის რაიონის მოსახლეობასაც, რომელიც „კოლექტიურ სასჯელს იხდის“ მხოლოდ იმისათვის, რომ ზემო იმერეთის ამ მხარეში დაიბადნენ და მათი მშობლიური მხარე ბუნებრივი წუიღისეულით არის დატვირთული.

ჯერ კიდევ 3 წლის წინ, კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანის შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელმა ამერიკულმა კომპანია "Georgian American Alloys"-მა განაცხადა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია, თუმცა ამ კომპანიის წარმომადგენლები ახლა ხმას აღარ იღებენ. როგორც ჭიათურაში ამბობენ - „გარიგდნენ და ერთად ჭამენ“.

ვინ რას ჭამს და რამდენს, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ისევე როგორც იმის წარმოდგენაა ძალიან ადვილი, რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება, რას საქმიანობს, როგორ საქმიანობს და „რა სარგებლობა მოაქვს“ გია კაპანაძის ბიზნეს-ჯგუფს ქვეყნისათვის.  

ერთი საინეტერესო დეტალი: ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემებზე მინისტრი ლევან დავითაშვილი „კრიტიკულად და კატეგორიულად“ საუბრობდა და აცხადებდა, რომ თუ დროებითი მმართველი  დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, ის მზად იყო მკაცრი ზომებისთვის მიემართა. ჩვენ ძალიან გვინდოდა მინისტრის პოზიციის მოსმენა ამ „რიტიკული და კატეგორიულ“ პოზიციიდან ერთი წლის თავზე, მაგრამ მინისტრიც და სამინისტრო ახლა ღრმად დუმს!!!!

„ჭიათურმანგანუმიდან“ „ჯორჯიან მანგანეზამდე“

ინფორმაციისთვის: ჭიათურის საბადოს ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1879 წელს დაიწყო. 1990 წლამდე მოპოვებული იქნა 203 მლნ. ტონა ნედლი მადანი და მოხდა 108 მლნ. ტონა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაცია. 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა.

“ჭიათურმანგანუმის” პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად, ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად, სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში გაიმარჯვა ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედმა“, რომელიც მანამდე ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი გახდა.

გარიგების გაფორმებისას, „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი” საკმაოდ ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „სტემკორის“ შვილობილი კომპანია იყო. 2006 წლის ბოლოსთვის „სტემკორმა“ ჰოლდინგის 75% უკრაინულ „პრივატ ჯგუფს” მიყიდა. ეს ჯგუფი საქართველოში „ტაო-პრივატ ბანკის“ მფობელი იყო 2007-2014 წლებში. უკრაინული პრესის თანახმად, ჯგუფი „პრივატი“ ერთ-ერთი ყველაზე დახურული და არაგამჭვირვალე კომპანიაა, მისი დამფუძნებლები იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლუბოვი უკრაინის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შედიან.

2013 წელს „პრივატ“ ჯგუფმა „ჯორჯიან მანგანეზი“ (ყოფილი ჭიათურმანგანუმი და ზესტაფონის ფერო) და „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული ვარციხეჰესების კასკადი თავისი ამერიკულ ჰოლდინგზე Georgia American Alloys1-ზე გადააფორმა; თუმცა, ქართულ საზოგადოებას ეს ფაქტი გააცნეს, როგორც საწარმოებში ახალი „მენეჯმენტის მოსვლა“. შესაბამისად, „ახალმა მენეჯმენტმა“ ყველაფერი ცუდი „ძველ მენეჯმენტს“ გადააბრალა და პრობლემების მოგვარების პირობა დადო. სხვადასხვა მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, 2016 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედებულიყო ახალი სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი; თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ქონებას საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს.

აშშ-ში რეგისტრირებული Georgia American Alloys Inc. საქართველოში ქონებას ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიის Georgian American Alloys Sàrl-ის მეშვეობით ფლობს.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის თანხმად, ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ არის შპს ჯორჯიან მანგანეზის (230085797), შპს ვარციხე 2005-ის (221297870) და შპს ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის (404414861) მფლობელი.

თავის მხრივ, შპს ჯორჯიან მანგანეზი 19 შპს-ს 100% წილის მფლობელია. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიებს შორის 13 - შპს ჯმ 29, შპს ჯმ-კოროხნალი-დევიძეები, შპს გამამდიდრებელი კომპლექსი, შპს ჯმტექნიკასერვისი, შპს ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის2, შპს ჯმ-კონსტრაქშენი, შპს ჯმ-ვაკეტყე, შპს ჯმ-ცდფ, შპს ჯმ-შუქრუთი, შპს ჯმ-ითხვისი, შპს ჯმ-პეროფი, შპს ჯმ-მაინინგ და შპს ჯმ-ცენტრალური ფაბრიკა - სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედების პერიოდში დაარსდა.

მარიამ მაჭარაშვილი