ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

12:39 06/07/2020

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფიცირებული მწყემსია, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია.

პაციენტი იზოლირებულია. ჩინეთში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დროებით იკრძალება იმ ცხოველებზე ნადირობა და საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ. პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისთვის, შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა - დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი.

მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს. შავი ჭირი სამ სხვადასხვა ფორმაში შეიძლება გამოვლინდეს.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბუბონური, ყველაზე საშიში კი პულმონალური - ამ დროს ყველაზე დიდი შანსია, რომ ინფექცირებულმა ადამიანმა ხველებით სხვებიც მარტივად დააავადოს.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევისას ორივე პაციენტს სწორედ შავი ჭირის ეს ფორმა აღმოაჩნდათ, რომელიც შესაბამისი მკურნალობის გარეშე ყოველთვის ფატალურად სრულდება.

აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ადამიანები შავი ჭირით ძირითადად, Xenopsylla cheopis სახელით ცნობილი რწყლის კბენის შემდეგ ავადდებიან, რომელთა გადამტანიც ყველაზე ხშირად ვირთხები არიან.

ამ რწყილის კბენის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ბაქტერია Yersinia pestis ხვდება, რაც ადამიანის შავი ჭირით დაინფიცირებას იწვევს. ამჟამად არ არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შავი ჭირისგან თავს დავიცავთ.