თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა
თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა

A+ A-

20:03 05/07/2020

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, ბრალდებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ. მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  თავად დაკავებულების ოჯახის წევრები კი მოქალაქის გატაცების ფაქტს უარყოფენ.

დაკავებულები სპორტსმენები არიან. ერთ-ერთი მათგანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია.

ხუთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული თავისუფლების 2- დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.