კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

A+ A-

11:13 04/07/2020

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათგან ერთი ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. აქამდე გვყავდა 23 პაციენტი და გაგვიხდა 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის, ალბათ, დრეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია: ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ ჩვენთან“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 106 ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203.