რა აიძულეს რუსებმა აფხაზ მასწავლებლებს რეფერენდუმის დროს ? - ქართველებისთვის აფხაზეთის სიტუაციები პირველ ადგილზე აღარ დგას!
რა აიძულეს რუსებმა აფხაზ მასწავლებლებს რეფერენდუმის დროს ? - ქართველებისთვის აფხაზეთის სიტუაციები პირველ ადგილზე აღარ დგას!

A+ A-

17:10 03/07/2020

ოკუპირებულ აფხაზეთის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ მუშაკებს აიძულებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  ჩატარებულ რეფერენდუმში, რომლითაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კიდევ 12 წლით გაუხანგრძლივდა ამ პოსტის შენარჩუნების ვადა.

ამის შესახებ “2020NEWS” კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა და რეფერენდუმში მონაწილეობა იყო ოკუპირებული ტერიტორიების ლოიალობის გამოხატულება კრემლის მიმართ.

„რეფერენდუმი ჩატარდა არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ ყველგან იქ, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, მაგალითად გერმანიაშიც. რუსეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმში მონაწილეობა საელჩოების შენობებში მიიღეს.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის რუსეთის მოქალაქე და ამიტომ ისინი თავის სამოქალაქო ვალდებულებად თვლიან,  რომ  ამ ტიპის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღონ.

აფხაზეთში კი ორგანიზებულად მიაღებინეს ხალხს რეფერენდუმში მონაწილეობა, დემონსტრირება მოხდა  კრემლის მიმართ ლოიალობის. ალბათ,  იგივე მდგომარეობა იყო ცხინვალშიც. 

აფხაზეთზე მაქვს ინფორმაცია, რომ მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ მუშაკებს ხმის მისაცემად მისვლას აიძულებდნენ.

საინტერესო ისაა, ზოგიერთი პოლიტოლოგი ირონიით აღნიშნავს, რომ რა საკითხიც არ უნდა დაეყენებინა პუტინს, მნიშვნელობა  არ აქვს, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე  თუ სხვა თემაზე.  მთავარი იყო მისვლა, დადებითი პოზიციის დაფიქსირება და არა -  რეფერენდუმის შინაარსი.

რეფერენდუმი რასაკვირველია ქვეყნის მასშტაბებს სცდება,  მაგრამ  მათ ეს რეფერენდუმი მაინც ჩაატარეს. კონსტიტუციური თვალსაზრისით  რაც ეხლა მოხდა  ეს დიდი სპექტაკლია აქედან გამომდინარე, კანონიერებაზე და კონსტიტუციის დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია, როცა რუსეთის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, პლუს საჭირო იყო ოკუპირებული ტერიტორიების ლოიალობის დემონსტრირება“, - განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე,  აღნიშნულთან დაკავშირებით, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ და უნდა დააფიქსიროს თუ არა საპროტესტო ნოტა, არეშიძე გვპასუხობს, რომ განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

„რამდენადაც ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაცია გაგზავნილია, რასაკვირველია განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთდეს  და საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს.

აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ტრიბუნაზე მუშტები ვაბრახუნოთ,  აუცილებლად უნდა შევყაროთ ქვეყანა, მართალია,  ესე უნდა იყოს, მაგრამ შედეგი?!

თუ  ჩვენ ზოგადად  არ შევცვალეთ ჩვენი მიდგომები და ჩვენი პოლიტიკა , და ამის შეცვლის ძალიან ცოტა შანსია, განსაკუთრებით,  2008 წლის მერე ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

სახელმწიფოს რეაქცია რასაკვირველია უნდა ჰქონდეს, მაგრამ რომ გადავამოწმოთ საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტისთვის იქნება ეს თემა აქტუალური?! საერთაშორისო თანამეგობრობას არ ვგულისხმობ, გასაგებია, რომ პოლიტელიტას თავისი გზავნილები სჭირდება.

სამწუხაროდ, ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ საზოგადოების აბსოლუტურად დიდი ნაწილისთვის სულ ერთია, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ იმდენი ვქენით, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ფონი შევქმენით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.  საზოგადოებისათვის მეორე და მესამე ხარისხოვანი გახდა ამ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა. ეს არის ტრაგედია.

ზოგადად ეს არ არის ის გამოწვევა,  რომელიც ქართული საზოგადოებისთვის პირველ ადგილზე დგას.

 წარსულში იდგა, თუმცა ახლა აღარ დგას“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პირველი პირის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობის მიღება რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ.

რეფერენდუმი ე.წ. ხმის მიცემის პროცედურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ცვლილებას აფახაზეთში 67%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში 87%-მა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს უფლებამოსილების გახანგრძლივება 2036 წლამდე შეუძლია.

ანა ქორჩილავა