უხარისხოდ შესრულებულ ტენდერში გადახდილი 13 მილიონი - „ფლანგვის დეტექტორი“ თბილისის მერის წინააღმდეგ
უხარისხოდ შესრულებულ ტენდერში გადახდილი 13 მილიონი - „ფლანგვის დეტექტორი“  თბილისის მერის წინააღმდეგ

A+ A-

16:06 03/07/2020

თბილისის მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად,, გლდანში გზის რეაბილიტაციისთვის შპს „ენსისის“ 13 მილიონი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი კომპანიამ უკონკურენტოდ მოიგო;

ასევე უკონკურენტოდ მიიღო წარსულში 36 მილიონი ლარი და 6 მილიონ ლარზე მეტი კი გამარტივებული შესყიდვით;

"შპს ენსისი 2007 წელს დაარსდა, დღევანდელი მონაცემებით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილია, ხოლო გენერალური დირექტორი -  გიორგი ქელბაქიანი, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელიცაა.

შპს „ენსისი“ აქტიურად იღებს მონაწილეობას ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. 2012 წლიდან დღემდე კომპანიას 233 816 933 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული, აქედან 36,181,944 ლარი მან უკონკურენტოდ მიიღო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, მათი საერთო ღირებულება 6 353 429 ლარს შეადგენს.

უკონკურენტოდ მოგებულ სახელმწიფო ტენდერებს შორის არის 2019 წლის თებერვალში თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც შეეხება თბილისში, გლდანის რაიონში ხიზანიშვილის, ვეკუასა და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას. აღნიშნული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11,928 338 ლარია.

თბილისის მერიასა და შპს ენსისის შორის ხელშეკრულება 2019 წლის მარტში გაფორმდა. თავდაპირველი ხელშეკრულების ღირებულებამ 11,777,776 ლარი შეადგინა და განისაზღვრა, რომ სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამის შემდეგ ხელშეკრულებაში არა ერთი ცვლილება შევიდა როგორც ღირებულების ასევე ვადების თაობაზე.

მაგალითად, 2019 წლის ოქტომბერში ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება ღირებულებასთან დაკავშირებით და განისაზღვრა, რომ თბილისის მერია შპს ენსისის გადაუხდიდა 12,149,819 ლარს, ვინაიდან საჭირო გახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების გაზრდა.

2019 წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა ვადებთან დაკავშირებით, შპს ენსისიმ განაცხადა, რომ სამუშაოების ჩატარების პროცესში წარმოიშვა დამატებითი სამუშაოების შესრულების საჭიროება და ამიტომ ხელშეკრულების დასრულების ვადად 2023 წლის მარტი განისაზღვრა. 2020 წლის 21 მარტს კიდევ ერთხელ შეიცვალა ხელშეკრულების არსებითი პირობები და სამუშაოების დასრულების ახალ ვადად 2023 წლის ივნისი განისაზღვრა.

ამის შემდეგ კიდევ არა ერთი ცვლილება განხორციელდა, დღევანდელი მონაცემებით გლდანის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ახალდაგებულმა გზამ წლებს უნდა გაუძლოს;

2020 წლის 24 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გლდანში თითქმის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მხოლოდ მცირე დეტალები არის დარჩენილი. გარდა ამისა, 2020 წლის 17 ივნისს თბილისის მერმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა გლდანში გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სადაც მან ჩამოთვალა, თუ რას მოიცავდა სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც უკვე დასრულებულია და ასევე განაცხადა, რომ პროექტი განხორციელდა კაპიტალურად და მან წლებს უნდა გაუძლოს.

თუმცა ამ განცხადებიდან 2 დღეში, 2020 წლის 26 ივნისს სოციალური ქსელისა და სხვადასხვა მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ არც ისე ძლიერი წვიმის დროს ახალდაგებულ გზაზე მანქანით გადაადგილება სრულიად შეუძლებელია, ვინაიდან ქუჩა წყლით არის დაფარული და ახლად გაკეთებული და გამოცვლილი სანიაღვრე სისტემა წვიმის წყალს ვერ ატარებს.