ილია მეორე აშშ-ის ელჩს მადლობის წერილს სწერს
ილია მეორე აშშ-ის ელჩს მადლობის წერილს სწერს

A+ A-

15:49 03/07/2020

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მადლობის წერილს სწერს.

პატრიარქი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის რეგიონული ოფისი გაიხსნება. ცენტრი 10 ქვეყანას მოემსახურება.

"ეს ნაბიჯი განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, როდესაც ასეთ რთულ ეტაპს გადის მთელი მსოფლიო Covid-19-თან ბრძოლაში. აღნიშნული ქმედება კიდევ ერთი დადასტურებაა აშშ-ის გამორჩეული დამოკიდებულებისა საქართველოსადმი, რისთვისაც მადლობას ვუხდით თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას", - ვკითხულობთ წერილში.

საპატრიარქო აშშ-ის ელჩის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს. კელი დეგნანი პატრიარქს მადლობას უხდის გაგზავნილი წერილისთვის და აღნიშნავს:

"ჩვენ მოუთმენლად ველით საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების გაძლიერებას და დიდად ვაფასებთ ახალ რეგიონულ ოფისთან დაკავშირებით ფართო ენთუზიაზმის არსებობას", - წერს დეგნანი.

პატრიარქმა წერილი მისწერა რედფილდსაც. ამ შემთხვევაშიც იგი მადლიერებას გამოხატავს აშშ-ის მიერ საქართველოში გადადგმული ნაბიჯების გამო.

"მიიღეთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი", - ვკითხულობთ წერილში.

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳-ს ფოტო.