ნათესავების, ცოლების ან ბიძაშვილების სიაში ჩაწერით, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არ იზრდება - ფოფხაძე
ნათესავების, ცოლების ან ბიძაშვილების სიაში ჩაწერით, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არ იზრდება - ფოფხაძე

A+ A-

18:16 02/07/2020

მე არასწორად მიმაჩნია პოლიტიკის ქალებად და კაცებად დაყოფა. ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში კვოტირების საკითხით არ იზრდება“, - ამის შესახებ “2020NEWS”-ს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სიის შედგენა პროფესიონალიზმისა და პოლიტიკური წონის მიხედვით უნდა ხდებოდეს.

„მე მიმაჩნია, რომ რა გაცხადებული მიზნებიც აქვს კვოტებს,  ეს არ არის პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა. ამ მიზანს კვოტები ვერანაირად ვერ პასუხობს და  არ შეიძლება ამ მიზანს რაიმე ფორმით წაადგეს. ამისთვის მიზეზებს უნდა მიეხედოს და არა - შედეგებს.

ცოტა ქალბატონია პოლიტიკაში - ეს არის შედეგი, კვოტების თვალსაზრისით, თორემ თუ შენ ამ კვოტაში ჩაწერე, პირობითად, ნათესავები, ვიღაცა თავის ცოლს ჩაწერს, ან ბიძაშვილებს, ამითი ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არ იზრდება.

რეალობა გამოდის ის, რომ ჩვენ ვქმნით ორ სხვადასხვა სიას ერთ სიაში - ქალების და კაცების.

მე არასწორად მიმაჩნია პოლიტიკის ქალებად და კაცებად დაყოფა.  ყველა ემსახურება საკუთარ სამშობლოს და კვოტა არანაირი ნიშნით არ უნდა იყოს შედგენილი, არც გენდერული, არც ეთნიკური, არც რელიგიური და არც სხვა რაიმე ნიშნით. სია არის მარტო ერთადერთი ნიშნით - პროფესიონალიზმით, ეს არის ადამიანების პოლიტიკური წონა. სხვა ფაქტორების დიფერენცირება სიაში ჩასაწერად, არასწორია“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან საპარალმენტო სიაში ყოველი მე-4 ჩაწერონ ქალი. დღეს პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გაიმართა.