პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

A+ A-

18:16 29/06/2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

„ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება როგორც კონსტიტუციურ კანონის პროექტშია აღნიშნული, დედაქალაქში 8 საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო დანარჩენი 22 - რეგიონებში.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც. ახალი ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციის სექმნისთვის საჭირო რაოდენობა განისაზღვრება 7 დეპუტატით.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.