აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს
აჭარის ტელევიზიის რედაქტორად აკაკი გოგიჩაიშვილი დანიშნეს

A+ A-

17:30 29/06/2020

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ახალი რედაქტორი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი იქნება. იგი პირველი ივლისიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. ამის შესახებ თავად აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა.

ბოლო პერიოდში ამ პოზიციაზე ფირუზ ბოლქვაძე მუშაობდა. ჩვენ მასთან ვცადეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად სწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თანამდებობა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის არგაშუქების გამო დაატოვებინეს. ფირუზ ბოლქვაძემ გვითხრა, რომ „დაზუსტებული არაფერი არ არის“. მან დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ფირუზ ბოლქვაძემდე მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, რადიოში გადაიყვანეს, წამყვანი თეონა ბაკურიძე კი, ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. ისინი სასამართლოში დაობენ.

არის თუ არა ამ და სხვა ჟურნალისტების პროტესტი სამართლიანი და რას ფიქრობს ახალი რედაქტორი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებაზე? – ვკითხეთ აკაკი გოგიჩაიშვილს.

„არ ვიცი, ერთი მხარე ამბობს რაღაცას, მეორე მხარე ამბობს რაღაცას, ორივეს თუ მოუსმენ, ყველას თავისი სიმართლე აქვს… მეორეს მხრივ, ეგ კარგიც არის, რადგან მე სრულიად მიუკერძოებელი ვარ, გვერდიდან მაყურებელი ადამიანი შემოვდივარ ამ სიტუაციაში და არანაირი გადახრა ერთ, ან მეორე მხარეს არ მაქვს,“ – გვიპასუხა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

მას შევახსენეთ, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს კრიტიკულად აფასებს მესამე სექტორი და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ახალ რედაქტორს ვკითხეთ, რა არგუმენტით არ იზიარებს ამ ორგანიზაციების შეფასებებს. აკაკი გოგიჩაიშვილმა ჩვენი დარწმუნება იმაში სცადა, რომ თვეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქციის, განცხადებების და სასამართლოში შეტანილი 11 სარჩელის ფონზე, ამ განცხადებებს ის ჯერ არ გაცნობია.

„საიდან გამოიტანეთ, რომ არ ვიზიარებ? წაკითხული მაქვს თუ არა, ისიც არ ვიცი… არ ვიცნობ მათ შეფასებებს,“ – აღნიშნა აკაკი გოგიჩაიშვილმა „ბათუმელებთან“.

აკაკი გოგიჩაიშვილმა ასევე გვითხრა, რომ მას აჭარის ტელევიზიაში დღეს ურთიერთობები არ მოსწონს. ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მსგავსად, ისიც ახსენებს „ოჯახს“.

„ძალიან არ მომწონდა ურთიერთობის ეს ფორმა. როცა არის გარკვეული კონფლიქტური საკითხები, ეს არის ერთი ოჯახი, თუკი ერთმანეთის გატანა და გვერდით დგომა არ არის, ძალიან რთული იქნება… ურთიერთობების ეს ფორმა არ მომწონს. თუ რამე იქნება ჩემზე დამოკიდებული, ყველაფერს გავაკმეთებ განხილვის, მსჯელობის და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მონახვის ფორმატში. თვითონ ახლა რა და როგორ ჩემთვის ნაკლებად ცნობილია,“ – ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი.

ხომ არ აკრიტიკებს აკაკი გოგიჩაიშვილი ტელევიზიის მენეჯმენტს, რადგან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს მედიაციაზე უარი მენეჯმენტმა უთხრა.

„არ ვიცი, ვინ ვის რა უთხრა… მალე დავეწევი მოვლენებს,“ – გვიპასუხა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

აკაკი გოგიჩაიშვილის ცოლი – ნინო ხაჟომია ასევე ახალი მენეჯმენტის პირობებში დანიშნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთ რედაქტორად, თუმცა მან მალე ტელევიზია დატოვა. შემდეგ ნინო ხაჟომია საინფორმაციო სამსახურის ონლაინრედაქტორად დანიშნეს და ამ გზით ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს კიდევ ერთი „არასასურველი ჟურნალისტი“ – სოფო ჟღენტი ჩამოაშორეს.

თავად აკაკი გოგიჩაიშვილი ბოლო დრომდე „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსპიკერი იყო.

წყარო: ბათუმელები