საქართველოს საგარეო ვალი 18 მილიარდ დოლარზე მეტია
საქართველოს საგარეო ვალი 18 მილიარდ დოლარზე მეტია

A+ A-

16:28 29/06/2020

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18.3 მილიარდი აშშ დოლარი (60.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 103.7 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 350.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო, ვალი 318.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ფასის ცვლილებების გამო – 179.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, სხვა ცვლილებების გამო 29.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო – ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მლრდ აშშ დოლარი (25.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 443.9 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 755.0 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი) და 876.4 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.6 მლრდ აშშ დოლარი (34.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 5.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 5.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო – ვალი 162.0 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 443.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა , რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.