კომიკურია, რომ "ქართული ოცნება" და ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავზე გამარჯვებას ზეიმობს - გიგა ბოკერია
კომიკურია, რომ "ქართული ოცნება" და ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავზე გამარჯვებას ზეიმობს - გიგა ბოკერია

A+ A-

16:08 29/06/2020

"კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავზე გამარჯვებას ზეიმობს დღეს. სწორედ დღევანდელმა დღემ აჩვენა, თუ როგორი შედეგი შეიძლება იქნეს მიღებული, დემოკრატიული ოპოზიციისა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით",- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების  კომენტირებისას. 

ბოკერიას თქმით,ახლა მთავარი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

„თავისთავად კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავზე გამარჯვებას ზეიმობს დღეს. თითქოს ჩვენ ვიღწვოდით, რომ მაჟორიტარები შეგვენარჩუნებინა. სერიოზული ნაწილი არის ის, რომ საქართველომ მიიღო დღევანდელ რეალობაზე უკეთესი, მაგრამ ეს საქმე დამთავრებული არ არის.

ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება, რომ ეს პრინციპული საკითხი გადაწყდეს, შემდეგ გვჭირდება ნორმალური კამპანია და მერე ივანიშვილი უნდა შევაგუოთ იმას, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით, დაკარგავს ძალაუფლებას მშვიდობიანი არჩევნების გზით“,- განაცხადა გია ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება

როგორც კონსტიტუციურ კანონის პროექტშია აღნიშნული, დედაქალაქში 8 საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო დანარჩენი 22 - რეგიონებში.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც.

ახალი ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციის სექმნისთვის საჭირო რაოდენობა განისაზღვრება 7 დეპუტატით.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.