საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება - გურამ მაჭარაშვილი
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება - გურამ მაჭარაშვილი

A+ A-

14:58 29/06/2020

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრას უახლოეს დღებში დაიწყებს. ამის შესახებ „2020NEWS“-ს მმართველი პარტიის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა სააგენტოსთან საუბარში განმარტა, ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებისას მიღებული იქნება ის რეგულაციები, რაც საარჩევნოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაეწესა შესაბამის კომიტეტებს. ცვლილებებში გათვალისწინებულია ეუთო-ოდირთან კონსულტაციებით მიღებული ძირითადი პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში უფრო მაღალი სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას, ვიდრე აქადე იყო.

გარდა ამისა ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და ჯანმოს კონსულტაციების საფუძველზე,გათვალისწინებული უნდა იყოს ის რისკები, რომელსაც მსოფლიოში მიმდინარე პანდემია ქმნის, როგორც არჩევნების დროს, ისე საარჩევნო პერიოდში.

შესაბამისად პანდემიასთან დაკავშირებული წესების დაცვა რეგულაციებით უნდა იყოს გათვალისწინებული.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში, ასევე გათვალისწინებულია მეათე მოწვევის პარლამენტისთვის ახალი თამაშის წესები.

ასევე სხვადასხვა ცვლილებები, რომელსაც ჩვენ რიგგარეშე სხდომებზე უახლოეს დღეებში მიივიღებთ სამი მოსმენით.

რაც შეეხება ოლქების გადანაწილების სქემას, ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში უკვე არის გათვალისწინებული.

მთელი საქართველოს მასშტაბით, 30 სამაჟორიტარო ოლქის გადანაწილების საკითხი ოპოზიციასთან კონსულტაციებისა და შეხვედრების ფორმატის შემდეგ, საერთო კონსესუსის საფუძველზე იქნა მიღებული და დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად. დანარჩენი ტექნიკური საკითხები კი, როგორც გითხარით, რიგგარეშე სხდომებზე უახლოეს დღეებში განიხილება“,-განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება

როგორც კონსტიტუციურ კანონის პროექტშია აღნიშნული, დედაქალაქში 8 საარჩევნო ოლქი იქნება, ხოლო დანარჩენი 22 - რეგიონებში.

კანონპროექტით, თბილისში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შემდეგნაირად დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი.

რაც შეეხება რეგიონებს, ოლქების განაწილება შემდეგია: კახეთში - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; ხოლო მეორეში - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები);

ქვემო ქართლი - 3 ოლქი (ერთში გაერთიანდება რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები. მეორეში - მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები. მესამეში - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები);

შიდა ქართლი - 2 ოლქი ( ერთში გაერთიანდება კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);

მცხეთა მთიანეთი - 1 ოლქი (მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);

სამცხე ჯავახეთი - 2 ოლქი (ერთში გაერთიანდება ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; მეორეში - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);

გურია - 1 ოლქი (ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები); სამეგრელო - 3 ოლქი (ერთი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; მეორე - ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; მესამე - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები);

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი 1 ოლქი - (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები);

იმერეთი - 4 ოლქი (ერთი - ქუთაისის მუნიციპალიტეტი; მეორე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; მესამე - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; მეოთხე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები);

აჭარა - 3 ოლქი (ერთი - ბათუმის მუნიციპალიტეტი; მეორე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; მესამე - ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები).

ცნობისთვის, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.