"ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო - რომან გოცირიძე
"ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო - რომან გოცირიძე

A+ A-

14:16 29/06/2020

„ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვერ გაუძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო და შიდა ზეწოლას. ის განცხადებები, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესების სახით ბიძინა ივანიშვილისადმი, ფაქტობრივად აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან კარგი რამ მოხდა. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ თავისუფალ დეპუტატებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა. ამავე დროს, დღევანდელი დღე მოიტანა იმ ახალგაზრდების ბრძოლამ, რომელთა ხმაც ახლა გვესმის. აპროტესტებენ პოლიტიკური პატიმრების ყოლას საქართველოში, რომლებმაც შექმნეს დიდი ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ამ ახალგაზრდების ძალისხმევით დღეს იქნა მიღწეული ეს შედეგი. ეს ყველას დამსახურებაა, როგორც საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ხელისუფლება აიძულეს, რომ ამ დათმობაზე წასულიყო. ასევე იძულებული გახდება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ამას მალე ნახავთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.