საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა 10 დღეში დაიწყება - არჩილ თალაკვაძე
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა 10 დღეში დაიწყება - არჩილ თალაკვაძე

A+ A-

13:25 29/06/2020

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, უახლოეს 10 დღეში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გულისხმობს, რომ საქართველომ დემოკრატიის კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ.

"დღევანდელი გადაწყვეტილება,  ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს საქართველომ აჩვენა, რომ მზადაა, 2020 წლის ოქტომბერში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.
დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას და უახლოესი 10 დღის განმავლობაში, პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეუთოს ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება. ამით ხელისუფლება სრულად შეასრულებს თავის მიერ აღებულ პირობას და უზრუნველყოფს თავისუფალ,დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა მესამე მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.