სკანდალი ჭიათურაში - "ოცნების" დეპუტატი და მერი ერთმანეთს ძალაუფლებისთვის დაუპირისპირდნენ
სკანდალი ჭიათურაში - "ოცნების" დეპუტატი და მერი ერთმანეთს ძალაუფლებისთვის დაუპირისპირდნენ

A+ A-

18:20 25/06/2020

ჭიათურის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ერთმანეთს ძალაუფლების გამო დაუპირისპირდნენ.

როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებული წყარო ჭიათურიდან უყვება, მახათაძე-მოდებაძის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოახლოებული არჩევნების ფონზე, ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის ფავორიტ მახათაძეს სუსის ფავორიტმა მერმა, გივი მოდებაძემ აჯობა და ლილუაშვილის უწყებამ პოლიტიკური ფსონი სწორედ მოდებაძეზე დადო, რომელსაც დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ ჭიათურის საარჩევნო შტაბს ჩააბარებენ.

მოდებაძეს, რომელსაც ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი აქვს გამოვლილი (სად აღარ არის ნამყოფი - ბურჯანაძის პარტიიდან დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატობით დამთავრებული), როგორც ჩანს, სუსი ივანიშვილის პროტეჟეზე მეტად ენდობა. შესაბამისად, მაჟორიტარს და მერს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ სააგენტოს ინფორმირებული და კომპეტენტური წყაროს მონათხრობის მიხედვით, ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გააშველეს.

ნერვების ომი, დიდი ალბათობით უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.

„2020NEWS“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჭიათურის მერს დაუკავშირდა, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. მოდებაძეს არც იმაზე სურს საუბარი, რატომ გაათავისუფლა 4 თემის რწმუნებული დაკავებული თანამდებობდან.

რაზე საუბარიც „ოცნების“ მერს არ სურს, გაარკვია „2020NEWS“-მა. ზოდის, ხვაშითის, წირქვალის და ნოგოზეთის თემების რწმუნებულები რამდენიმე დღის წინ ნამდვილად მოხსნეს თანამდებობიდან. კიდევ 2 თემის - რგანისა და პერევისის თემების რწმუნებულების მოხსნაც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ უკანასკნელებმა „პატრონები“ გამონახეს.

„პატრონის“ გავლენებშესუსტებული რწმუნებულები კი გაუშვეს. მაჟორიტარი მახათაძე განაწყენდა. მერმა მაჟორიტარის განაწყენება „გაატარა“ და მათი გათავისუფლების არგუმენტებიც დაუსახელა.

 მაგალითად, ზოდის თემის რწმუნებულს სხვისი კუთვნილი მიწების დატაცებას ედავებიან, იქ მარგანეცის საბადოა და ეტყობა, მახათაძის ფავორიტი რწმუნებულისთვის ეს მიწები მიმზიდველია. ბრალდებები ყველას მიმართ „წონიანია“.

როგორც „2020NEWS“-მა გაარკვია, გათავისუფლებულ რწმუნებულებს - მალხაზ ბრეგვაძეს, მალხაზ ჯაჯანიძეს, როინი ხუციშვილს და შუქრი შეყილაძეს ადგილობრივ „თავშესაფრებში“ - აიპიებში გადაანაწილებენ.

მათ შემცვლელებს „ოცნება“ ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ პოულობს.

როგორც „2020NEWS“-ს ინფორმირებული წყარო უყვება, მაგული ივანიშვილის ფავორიტ რაიონის მაჟორიტარს, სულხან მახათაძეს ამ ბოლო დროს ნერვები ძალიან გაუფუჭდა. იმის მიუხედავად, რომ დიდი რაოდენობის ქონებაც დააგროვა და მარგანეცში საკუთარი ბიზნეს-ინტერესებიც დაალაგა (როგორც ჭიათურაში ამბობენ, მოქმედი მაჟორიტარი კახა კალაძის ძმაკაცი კანონიერი ქურდის, „რემენას“ ძმის  ბიზნეს-პარტნიორია, ხოლო მისი პირადი ძმაკაცები ე.წ მემარგანეცეები არიან), მახათაძე ვერ ეგუება, რომ მისი გავლენები სუსტდება.

ამას ისიც ემატება, რომ „ქართული ოცნება“ მას გაერთიანებული სამაჟორიტარო ოლქის - ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად აღარც განიხილავს და პოლიტქასტინგში ახლა სხვა პირები მონაწილეობენ. ჭიათურაში იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და, მაგული ივანიშვილი, რომლის თანასოფლელიც არის მახათაძე, ამ ბოლო დროს პოლიტიკურ და საკადრო გადაადგილებებში აღარ ერევა. ადრე მეეზოვედ კაცის დანიშვნასაც კი, მისი ვიზა სჭირდებოდა.

სამაგიეროდ,  მაღაროელთა ქალაქს „კადრების განყოფილების“ ახალი უფროსი ჰყავს,  ადგილობრივი სასულიერო პირი მამა გაბრიელი, რომელიც გივი მოდებაძესთან დაახლოებული პირია და დიდი გავლენებით სარგებლობს. მამა გაბრიელის საინტერესო „მოღვაწეობის“  შესახებ ინფორმაციას „2020NEWS“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.