გიგა, ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი
გიგა, ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ელისაშვილი

A+ A-

12:44 24/06/2020

ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კრიტიკას.

როგორც ელისაშვილი წერს, ბოკერიასა და მის "ამფსონებს" პოლიტიკური ვაჭრობა არ გამოუვიდათ და მოემტვრათ კბილები.

"ბოკერია ისე გამწარებული, იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?!

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში.

ასევე, მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი ცეხავიკების დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები.

p.s. ლევან იოსელიანს კაცის კაცი, რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს.

შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი",- წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელისაშვილი მას და დავით ბაქრაძეს ორ ადგილს თხოვდა.

"მოითხოვდა, ორი ადგილი მომეცით, შემოვდივარ შეთანხმებაშიო, იოსელიანი დააყენეთ მთაწმინდაზეო. ბუნებრივია, მარტო ჩვენ კი არა, ამ იოსელიანს არავინ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა. უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა - ადამიანურად.

6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის – 36% პირველ ტურში, მეორეში – უფრო მეტი. და ეს კაცი ახლა გამოვიდა იმიტომ, რომ უარი ვუთხარით იოსელიანს და ამოიჩემა შალვა შავგულიძე ყველა ადამიანისგან, ვისთვისაც ტალახის სროლა უბრალოდ უნდა შეგრცხვეს, ეს კაცი ამოარჩია და ურტყამს ამ კაცს და საერთოდ შეთანხმების იდეას. მე მარტო მოვიგებ, გავანგრევო - იძახის. დამდგარიყო და მოეგო", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.