“გუშინ ცინიკურად წამომეწია ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი, შემძრა და შემახსენა, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი”
“გუშინ ცინიკურად წამომეწია ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი, შემძრა და შემახსენა, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი”

A+ A-

22:05 23/06/2020

“გუშინ ვაპირებდი რაღაც დამეწერა იმ თაობაზე, იმ ახალგაზრდა ადამიანებზე, ავადმყოფი მეგობრების გადასარჩენად ტრასებზე რომ დგანან უზარმაზარი პოსტერებით, ვაპირებდი და ცინიკურად წამომეწია ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

კეკელიძის თქმით, ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, ჯერ არსად გამქრალა.

„გუშინ ვაპირებდი რაღაც დამეწერა იმ თაობაზე, იმ ახალგაზრდა ადამიანებზე, ავადმყოფი მეგობრების გადასარჩენად ტრასებზე რომ დგანან უზარმაზარი პოსტერებით. ვფიქრობდი, დავწერ, რომ რაღაც შეიცვალა, რომ მათი სახეები აღარ ჰგავს ჩვენსას, ვისაც ოთხმოცდაათიანები ერთმანეთის ჩაგვრას და გაწირვას გვასწავლიდა, რომ მათი ხმა ასცდა ჩვენს ძალად ჩახრინწულ და ხელოვნურად დაზეპირებულ სიტყვებს.

ვაპირებდი და თითქოს ცინიკურად წამომეწია ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი. წამომეწია, შემძრა და შემახსენა, რომ კიდევ დიდი, დიდი გზაა გასავლელი. ვიცით, რომ ადამიანში ყოველთვის იცხოვრებს მკვლელი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანად ყოფნის უმაღლესი ნიშანი ამ და ამგვარი ვნებების დაძლევაა. რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ახლა ეს სიტყვები, სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არც გამოუცდია კაცობრიობას.

ჩვენ ბაძვის არსებები ვართ, ოთხმოცდაათიანები წლები ამ ბაძვამ შვა და ეს „საქმის გამრჩევი“ ადამიანებიც ალბათ ვინმეს ბაძავდნენ. სიკვდილი გვახსენებს ამას. ეს საშინელი და დიდი ურდული ჩვენსას და წასულს შორის. ურდულია, მაგრამ ცოტა ხნით გასაღებადაც იქცევა. ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, უფრო ხმამაღლა:

ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, ჯერ არსად გამქრალა და მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ვდუმვართ. ვდუმვართ ასე, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ იქცევა. აბა, ორი თავი ხომ არ გვაქვს? არადა – დიახ! ორი თავი უნდა გვქონდეს, ორი და ხუთიც და ათასი თვალი, რომ ერთამენთი და ეს ქვეყანა ამ ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. ორი თავია საჭირო. აქ და ახლა“,-წერს კეკელიძე.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მყვინთავებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გუშინ წყალში იპოვეს.