კვიჟინაძე, ლურსმანაშვილი თუ ფალავანდიშვილი?! - ვის წარადგენს "ოცნება" ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარ კანდიდატად?
კვიჟინაძე, ლურსმანაშვილი თუ ფალავანდიშვილი?! - ვის წარადგენს "ოცნება" ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მაჟორიტარ კანდიდატად?

A+ A-

18:41 23/06/2020

ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის სამაჟორიტარო ოლქისთვის “ქართული ოცნება“ ამ დროისთვის 3 კანდიდატს განიხილავს. 3-დან 2 მოქმედი დეპუტატია, ერთი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული მერი.

თუ გუნდიდან დავალება იქნება შემოთავაზებას დავთანხმდები, ვნახოთ, - ამის შესახებ „2020NEWS“-თან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომელიც ერთ-ერთია იმ სავარაუდო კანდიდატებიდან, რომელსაც მმართველი გუნდი აღნიშნული ოლქში წარსადგენად განიხილავს.

„2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, რომ კვიჟინაძეს, რომელიც უკვე 2 მოწვერვის დეპუტატია, მესამე წრეზე წასვლის სურვილი არ აქვს და ბიზნესში დაბრუნებას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია კვიჟინაძემ სააგენტოს დაუდასტურა.

„არ ვიცი, რას ვიზამ. არანაირი კონსულტაციები ჩემთან არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ამისთვის თავს არ ვიკლავ, მაგრამ თუ გუნდიდან დავალება იქნება, რომ მე შემიძლია რაღაც გავაკეთო, მაშინ ვნახოთ. მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის აქტულური არ არის კვლავ მაჟორიტარობა“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დეპუტატი, რომლის კანდიდატურაზეც მმართველი გუნდი მსჯელობს, ბაღდათი-ხარაგაულის მოქმედი მაჟორიტარი, კობა ლურსმანაშვილია.

როგორც “2020NEWS-ს ხარაგაულის მაჟორიტარმა კობა ლურსმანაშვილმა განუცხადა, ის მზად არის მიიღოს შემოთავაზება, თუ ამას გუნდი გადაწვეტს. მისივე განმარტებით, მისთვის ნებისმიერი შეთავაზება დიდი პატივი იქნება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, არც ჩემი კანდიდატურის გარშემო და არც სხვა კანდიდატების გარშემო, და ბევრია ასეთი ადამიანი, განხილვა არ ყოფილა. თუ შედგება განხილვა, მე მზად ვარ, ნებისმიერი განხილვის ფორმატი საჯაროდ განვაცხადო, როგორი ფორმითაც არ უნდა წარიმართოს. ხარაგაულს, საჩხერესა და ჭიათურას ჰყავს ღირსეული მაჟორიტარები და შეიძლება ახალი სახეებიც მოიძებნოს. მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატს დავუდგე გვერდით, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ჯერ ოლქების დონეზე, ინივიდუალურ რეჟიმზე არ გადავსულვართ, ადრეა ამაზე მსჯელობა. შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი შეთავაზება გუნდის მხრიდან, იქნება პატივი“,- განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას კობა ლურსმანაშვილმა.

საჩხერის მერი, ბენიამინ ფალავანდიშვილი კი, რომელიც კულუარებში დასახელებულ კანდიდატებთა შორისაადა რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია,  აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და „უდროობის მომიზეზებით“, სააგენტოსთან საუბრისგან თავს იკავებს.

„არ მაქვს დრო ამაზე სალაპარაკოთ.. რას ლაპარაკობთ? - ტყუილია. ვინ ამბობს ამას? არა, რა სისულელეა“,- განაცხადა ბენიამინ ფალავანდიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარობისთვის ბრძოლას სავარაუდოდ, გამოეთიშება ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის ფავორიტი და „პროტეჟე“, ჭიათურის მუნიციპალუტეტის მოქმედი მაჟორიტარი სულხან მახათაძე.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მახათაძის „თბილ თავშესაფარს“ უკვე ეძებენ.

როგორც ინფორმირებული წყარო ჭიათურიდან „2020NEWS“-თან აცხადებს, ოცნების საარჩევნო შტაბიც სულხან მახათაძის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის მერს, გივი მოდებაძეს ჩააბარეს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე მხოლოდ ერთი ეტაპი, მესამე მოსმენით კენჭისყრა რჩება, რომელიც 29 ივნისს უნდა გაიმართოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, კი საარჩევნო კოდექსში ახლებურად განისაზღვრება საარჩევნო ოლქების საზღვრები.

ქვეყნის მასშტაბით, 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. 30 ოლქიდან 8 თბილისშია, 22 კი სხვადასხვა ოლქების გაერთიანებით შედგება. სავარაუდოდ, ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდება ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის მუნიციპალიტეტები. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებები 2 მოსმენით უკვე მიღებულია. დღეს, ოპოზიციის ხმების გარეშე, მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, 115 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, აღნიშნული ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა