მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

17:00 23/06/2020

მსოფლიოს ნომერი პირველ ჩოგანი, 17-გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მისი მეუღლე კოვიდ 19-ით დაინფიცირდნენ.

ნოვაკის მიერ ორგანიზებულ „ადრია ტურზე“ ბორნა ჩორიჩი, გრიგორ დიმიტროვი და ვიქტორ ტროიცკიც ასპარეზობდნენ და მანამდე კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები სწორედ მათ მიიღეს.

„ძალიან ვწუხვარ ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. იმედი მაქვს, რომ არავის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად არ გაუარესდება და ყველა მალე გამოჯანმრთელდება. გასული თვის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებებისას, ჩვენ საუკეთესო განზრახვა და წრფელი მიზნები გვქონდა. ტურნირის მიზანი ხალხის გაერთიანება და სოლიდარობის, თანაგრძნობის გზავნილების გახმოვანება იყო.

ჩვენ ჩავატარეთ ტურნირი, როდესაც ვირუსი დასუსტდა და გვჯეროდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დავიცავით. სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ აქ არის და ეს ახალი რეალობაა, რომელთან შეგუებაც ყველას მოგვიწევს,“ – წერს სერბი ჩოგბურთელი განცხადებაში.

საჩოგბურთო ეპიდაფეთქება ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ზადარში ორგანიზებულმა ტურნირმა „ადრია ტურმა“ გამოიწვია. შეჯიბრი ყველანაირი რეგულაციის დაცვის გარეშე მიმდინარეობდა, სპორტსმენები კი უსაფრთხოების მინიმალურ ზომებსაც არ იცავდნენ. სერბული პრესის განცხადებით, ინფიცირებულნი არიან დიმიტროვის და ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელებიც.