სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართ სადგურზე ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს
სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართ სადგურზე ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს

A+ A-

13:23 16/06/2020

კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასაართ სადგურზე ნაპოვნი ბავშვის დედა, ჩვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, ახალშობილი რამდენიმე დღის წინ, ბენზინგასამართ სადგურზე სოფელი ქვემო ბოდბის მოსახლეობამ მიტოვებული იპოვა, როგორც ახალშობილის მამამ განაცხადა მას მეუღლის ფეხმძმიმობის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა, ვინაიდან ცოლი აცხადებდა, რომ წონაში მატება სიმსივნის ბრალი იყო.