ინგა გრიგოლიამ ტვ „პირველის“ დირექტორის პოსტი დატოვა
ინგა გრიგოლიამ ტვ „პირველის“ დირექტორის პოსტი დატოვა

A+ A-

23:46 06/06/2020

ინგა გრიგოლიამ ტვ „პირველის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა. ცნობილმა ჟურნალისტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც გრიგოლია აცხადებს, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ “ტვ პირველის” დირექტორობით ძალიან ბევრ მეგობარს და ოჯახის წევრს აწყენინა.

“რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? - ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. რომლებსაც, ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია“, - წერს გრიგოლია.

 დღესვე, ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველის“ დირექტორის პოსტს გრიგოლიას პოსტს არხის თამფუძნებელი ვატო წერეტელი თავად დაიკავებს.

 ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია. ორშაბათიდან ტვ პირველის გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად, – ამის შესახებ არხის დამფუძნებელმა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

 ვატო წერეთელმა ინგა გრიგოლიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი “ტვ პირველის” შექმნაში და განვითარებაში.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ინგა გრიგოლიას, რომლის დირექტორობის დროს ტვ „პირველმა“ მიაღწია უდიდეს წარმატებებს. წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ “პირველის“ შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.

ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,,გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად,” –  წერს ვატო წერეთელი ფეისბუკზე.

ინგა გრიგოლია ტვ „პირველის“ გენერალურ დირექტორად 2019 წლის 16 ოქტომბერს დაინიშნა.