ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

A+ A-

17:48 06/06/2020

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მ.ხ.-ს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მ.გ.-ს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისში, ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა 3 ივნისს მოხდა. 5 ივნისს პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 2 კაცი დააკავა.