კარგია მეზობელი, მაგრამ ჯერ თავო და თავოს დროა! - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ირანიდან ტურისტების შემოშვების წინააღმდეგია
კარგია მეზობელი, მაგრამ ჯერ თავო და თავოს დროა! - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ირანიდან ტურისტების შემოშვების წინააღმდეგია

A+ A-

13:26 05/06/2020

კავკასიის რეგიონში კორონავირუსული სიტუაცია მძიმდება და ერთთვიანი ტურისტული სეზონისთვის ქვეყანა არ უნდა "წაიბილწოს". ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი წერს.

როგორც ჩრდილელი განმარტავს, სომხეთის შემდეგ ვირუსის მეორე ტალღა ირანსაც ემუქრება, ამიტომ საქართველოში ქვეყნის მოქალაქეების გარდა მარტივად არავინ არ უნდა შემოვიდეს.

"სომხეთის შემდეგ Covid19-ის მეორე ტალღა, უკვე ირანს ემუქრება. რეგიონში Corona-სიტუაცია მძიმდება. თავს ნუ მოვიტყუებთ და დარჩენილი 1თვიანი ტურისტული სეზონისთვის ნუ წავბილწავთ ქვეყანას.

ჩვენი გაგვჭირვებია, ისედაც შიდა გავრცელება გვექნება და არაა საჭირო გარედან შემოტანა.

ვინც საქართველოს მოქალაქე არაა, ის ქვეყანაში მარტივად არ უნდა შემოვიდეს. უმკაცრესი ფილტრაციის შემდეგ უნდა აღმოჩნდეს ადამიანი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

და კიდევ თავს მივხედოთ, ჩვენ არა გვაქვს არც ექიმების რაოდენობრივი რესურსი და არც ფინანსებით ვბრწყინავთ, რომ თუნდაც უახლოეს მეგობრებს ტრადიციულად, როგორც მიჩვეულები გვყავს დავეხმაროთ.

კი ბატონო დახმარების წინააღმდეგი არავინ ვართ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის დამახასიათებელი უაზრო ხელგაშლილობა, მაშინ როდესაც არც წამალი და არც ვაქცინა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს და ეს შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს. 

პიროვნულად შევეხები იმას, ვინც გაბედავს და რაიმე დისკრიმინაციულს დაინახავს - რომელიმე ერის მიმართ, ჩემს ამ ეპისტოლეში. 

არავის ვერჩი, პირიქით ჩვენებს ვაფრთხილებ, რომ კარგია მეგობარი, მეზობელი, მაგრამ ჯერ თავო და თავოს დროა! ჩვენი მწირი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით!

P.S. რასაც ჩემს ირგვლივ ვხედავ, ამ აზრზეა 80% - მათ შორის, ტურისტული ბიზნესის მოთამაშეებიც და იქ დასაქმებული პერსონალიც...  როგორმე უნდა გადავიტანოთ ეს 1 წელი, რომ კაც-ნაკლულობა არ იყოს ქვეყანაში", - წერს ოთარ ჩრდილელი.

ცნობისთვის, სომხეთში მას შემდეგ, რაც ქელეხში მყოფმა ინფიცირებულმა პირმა მთელი სოფელი დაავადა, ვირუსის ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. ინფიცირებულია ქვეყნის პრემიერი და მისი ოჯახიც.

სომხეთი კავკასიის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, პირველ ადგილს იკავებს. იქ უკვე გამოვლენილია ინფიცირების 11 817 ფაქტი და გარდაცვლილია 183 ადამიანი.

რაც შეეხება ირანს, ეს ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც "ჩინური ვურუსი" გავრცელდა. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 164 270 შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 8 071 ადამიანი.

მონაცემების მიხედვით, ირანი მსოფლიო ლიდერი ქვეყნების სტატისტიკაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს.