ბოჭორიშვილის კლინიკაში "საბურთალოს კლასტერიდან" 7 პაციენტი მკურნალობს
ბოჭორიშვილის კლინიკაში "საბურთალოს კლასტერიდან" 7 პაციენტი მკურნალობს

A+ A-

11:19 05/06/2020

ვახტანგ ბოჭორიშვილის, სახელობის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში „საბურთალოს კლასტერიდან“ ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია.

„ბოქსირებულ სექტორში არის 42 პაციენტი. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 23. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 5 პაციენტი. გუშინ დაემატა 2 ახალი პაციენტი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ.

ესენი არიან „საბურთალოს კლასტერიდან“. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის ერთი კვირაა ჩვენთან „საბურთალოს კლასტერიდან“ პაციენტები მკურნალობენ.

საერთო ჯამში 7 პაციენტია საბურთალოდან. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც ქრონიკული დაავადებებით არის დატვირთული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვა,"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

სოლოღაშვილის განცხადებით, სამედიცინო ნიღბის ტარებაზე ახალი რეგულაციების დაწესება საჭირო და დროულია.

„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეეჩვიოს სიტუაციას და მოადუნოს ყურადღება უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ საჭიროა პერიოდულად შემოვიდეს, თუნდაც ახალ-ახალი რეგულაციები. ნიღაბზე აქამდეც იყო რეგულაცია და მოთხოვნა.

ეს არის საჭირო და დროული, ხელახალი შეხსენება და მოწოდება მოსახლეობისთვის, რომ არ მოვდუნდეთ და პირადი უსაფრთხოების წესები გვქონდეს უნარ-ჩვევების დონეზე გადატანილი,"- განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 805 შემთხვევა, მათგან 650 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.