ექსკლუზივი: აფხაზური თხილი VS ენგურჰესის ელექტროენერგია - რატომ გავიდნენ აფხაზები თავს?
ექსკლუზივი: აფხაზური თხილი VS ენგურჰესის ელექტროენერგია - რატომ გავიდნენ აფხაზები თავს?

A+ A-

17:43 03/06/2020

ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული ოთხოზორია-ტატუნაშვილის მწამებელთა სიის წევრის, ვლადიმერ ანუას  დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საქართველოში რაიმე ცვლილებების მომტანი არ გახდება, თუმცა მას რუსეთი ძველი მინისტრით გააკონტროლებს.  

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ აფხაზები თავს გავიდნენ, „პატარა აფხაზეთი მოიხმარს იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას, რასაც თბილისი" და ამაზე აუცილებლად არის დასალაპარაკებელი ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტარციასთან.

ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ განაცხადა.

არეშიძის თქმითვე, ანუას თანამდებობაზე დანიშვნით, ე.წ. თავდაცვის ძალებს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ახალი სისხლი გადაუსხა.

ვინ არის დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის ახალი მინისტრი?

კითხვაზე - რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პირის დავდაცვის მინისტრად დანიშვნამ, არეშიძე აცხადებს, რომ ანუას მიერ სისასტიკით ჩადენილი  რაიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მამუკა არეშიძე: „ვლადიმერ ანუა აფხაზეთის ომის ვეტერანია. ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. ის იყო ერთ-ერთი შენაერთის უფროსი. რომ გითხრათ, ამ დროს განსაკუთრებული რამით თავი გამოიჩინა-თქო, მართალი  არ იქნება. სუფთა სამხედრო საქმეს ასრულებდა.. მე არ მახსოვს, რომ რაიმე სახის სისასტიკე ჩაედინოს. შეიძლება იყო, მაგრამ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

ვლადიმერ ანუა იმ გვარის წარმომადგენელია, რომლის წევრიც სეპარატისტებმა სასტიკი წამებით მოკლეს და როგო ჩემთვის ცნობილია, გვარის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით მკაცრი რეაქცია ჰქონდათ. გვარში განხეთქილება მოხდა, რა დროსაც ვლადიმერ ანუა მოწინააღმდეგე ბანაკის მხარეს დადგა.

სულ ესაა, რაც მასზე მახსოვს და  მას შემდეგ,  ანუას იერარქიულ კიბეზე გადაადგილების შესახებ, არაფერი მსმენია. 

რაც შეეხება ახლანდელ ცვლილებებს, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ვინაიდან მერაბ ქიშმარია რამდენიმე წელია უკვე თავდაცვის მინისტრის პოსტზეა.

ასლან ბჟანიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სისხლი გადაესხა თავდაცვის სფეროსთვის და ამ თანამდებობაზე დანიშნა ანუა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ანუას სამხედრო კონსულტანტად თუ ინტრუქტორად, ბჟანიამ დაუნიშნა სწორედ ქიშმარია, ერთი შეხედვით. ეს თანამდებობა კი ფორმალურია, მაგრამ ის რუსეთთან ასოცირდება და  არ არის გამორიცხული, ძველი მინისტრი  გარკვეული კონტროლის მექანიზმად გამოიყენონ.

რაც შეეხება ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას, ვიცი, რომ ანუა ამ სიაშია, მაგრამ მისი კონკრეტული დანაშაულის შესახებ, სიმართლე გითხრათ, ინფორმაცია არ მაქვს“.

აფხაზური თხილი VS ენგურჰესის ელექტროენერგია

აღსანიშნავია, რომ  ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდში კონტრაბანდულად გადმოტანილ თხილზე დაობს და ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. უნდა იდაოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ენგურჰესიდან აფხაზების მიერ დატაცებულ ელექტროენერგიაზე?

როგორც ექსპერტი სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, თხილის კონტრაბანდის შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის და ეს ბჟანიამ აქამდეც კარგად იცოდა, თუმცა, სადაო სწორედ ის საკითხია, აფხაზები ენგურჰესის ელექტროენერგიას რომ იტაცებენ და გადასახადს არ იხდიან.

ბჟანია სულ არის სტრუქტურებში. პირველად გაიგეს ეს ამბავი?! 90-იანი წლებიდან დღემდე სულ ასეა. აფხეზეთიდან დანარჩენ საქართველოში შემოდის თხილი და  ზუგდიდში ბარდება.

  

არ ვიცი, რა ღონისძიებას ჩაატარებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ აფხაზები თავს გავიდნენ, ენგურიდან მიღებული და მიტაცებული ელექტროენერგიის გამო.

ეს არის ყველაზე მთავარი დავის საგანი დღევანდელ ადმინისტრაციასთან.

მართალია ეს პროცესი  ბჟანიას დროს არ დაწყებულა და უფრო ადრე დაიწყო მაგრამ ახლა პიკხ მიაღწია, რადგან პატარა აფხაზეთი მოიხმარს იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას, რასაც თბილისი.

ჩვენ ენგურიდან სარგებელს ვერ ვღებულობთ, პლიუს თანხას აფხაზები არ იხდიან, ამიტომ ამ თემასთან შედარებით, ე.წ თხილის კონტრაბანდული გზით საქართველოში შემოტანის საკითხზე საუბარი, ცოტა არასერიოზული მგონია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, დღეს საოკუპაციო რეჟიმის ახლად არჩეული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით,  ე.წ. ტავდაცვის მინისტრის პოსტზე ვლადიმერ ანუამ მერაბ ქიშმარია ჩაანაცვლა.

ახალი თავდაცვის მინისტრი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის წევრია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს დაამტკიცა. სიაში შეყვანილია ის 33 პიროვნება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში არიან ბრალდებულები.

ასევე ე.წ პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდი რუბლის ღირებულების პროდუქტი გადის და ეს ფული მიუდიუს ადამიანების ჯიბეში, რომლებიც სავარაუდოდ კონტრაბანდას ეწევიან.

მისივე განმარტებით, უნდა გადაიხედოს საზღვრის კონტროლის საკითხი, რომელიც გულისხმობ,ს ასევე ფსოუს გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებასაც.

მარიამ მაჭარაშვილი