პრემიერის პოსტზე გახარიას ლოგიკური ჩამნაცვლებელი ივანიშვილია - ბესელია
პრემიერის პოსტზე გახარიას ლოგიკური ჩამნაცვლებელი ივანიშვილია - ბესელია

A+ A-

16:43 03/06/2020

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში ყველაზე არასტაბილური პოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტია. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი კანდიდატი, ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს გახარია, ლოგიკური არ იქნება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. როგორც ბესელია ამბობს, გახარიას საპირწონე ჩამნაცვლებელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს.

"მიჭირს ან დაგიდასტუროთ, ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ იმის გამო, რომ ყველაზე არასტაბილური პოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, ეს არის პრემიერმინისტრის პოსტი, რომელიც ყველაზე მეტჯერ შეიცვალა და მემგონი, რეკორდიც მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში ასეთი არასტაბილური უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, როგორიც არის პრემიერმინისტრის თანამდებობა, მეორე არ მახსენდება", — განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, როგორც „2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა, გიორგი გახარია თანამდებობას 15 ივნისამდე დატოვებს.

სააგენტოს ინფორმირებული წყარო უყვება, დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მიმდინარე თვის დასაწყისში განხორციელდება და პრემიერ გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.

“2020NEWS" ინფორმაციითვე, მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დასრულებულია და სწორედ ლილუაშვილია ის საპრემიერო კანდიდატი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ პოლიტიკურ მარათონს გახსნის.

ინფორმირებული წყარო ასევე გვიყვება, რომ სამთავრობო ცვლილებები შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც, გარდა ძალოვანი უწყებების პირველი პირებისა.