გიორგი რურუას წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო
გიორგი რურუას წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

A+ A-

14:48 02/06/2020

გიორგი რურუას წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ 28 წლის წინანდელი საქმის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება თორაძეების ოჯახის ტრაგედიას, რაშიც, ოჯახის გადარჩენილი წევრი თამარ თორაძე ამჟამად პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას ადანაშაულებს. როგორც ირკვევას, მას შემდეგ რაც თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, მოკლული ძმების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიებისთვის მიმართა, უწყებამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

„თამარ თორაძე ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში , რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს. მას შემდეგ, რაც გიორგი რურუას, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლება ამერიკელმა სენატორებმა კატეგორიულად მოითხოვეს, თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა, სადაც საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე ისაუბრა.

საქმე იმაშია, რომ თამარ თორაძე, ოჯახის ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დღემდე იქ ცხოვრობს.

„პატივცემულო სენატორო რიშ, მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძე. ამ წერილის დაწერა ტვიტერზე გამოქვეყნებულმა თქვენმა განცხადებამ გადამაწყვეტინა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ. მე წარმოშობით ქართველი ვარ. სამშობლოს დატოვება შემაძრწუნებელმა ოჯახურმა ტრაგედიამ მაიძულა.

რომ არა ამერიკის სახელმწიფოს ჰუმანიზმი, ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და გულმოწყალება, დღეს, ალბათ, ცოცხალი არ ვიქნებოდი, როგორც ჩემი ოჯახის 7 წევრი. თქვენ, როგორც საქართველოს გულშემატკივარს და მეგობარს, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში, საქართველო, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დასაშლელად განწირული იმპერიის მიერ ინსპირირებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა. სამოქალაქო ომის, უკანონობის და განუკითხაობის თანმდევი პროცესია, შეიარაღებული კრიმინალური ბანდების თარეში. ერთ-ერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება იყო თბილისში "ბოროტების საძმოდ" შერაცხული ბანდა, რომელსაც მეთაურობდა, თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი (ჟორიკა) რურუა. ამჟამად იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ბრალდებული და დაპატიმრებული.

1992 წლის თებერვალში, გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები - ზაზა და ლაშა თორაძეები. 1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა. შემდეგ - ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა - კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ, მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა, ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა, პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით - ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. სამართლიანად გაგიჩნდებოდათ კითხვა, ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულების გამო, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, აქამდე პასუხი რატომ არ აგეს.

იმიტომ, რომ ის და მისი დაჯგუფება სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო, იგი ქვეყნიდან გაიქცა. ამას, მოგვიანებით მისი უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოჰყვა და როგორც ამ და სხვა კრიმინალური საქმეების გამო ძებნილი, გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ციხეში აღმოჩნდა. თუმცა, მალევე, 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში "ვარდების რევოლუციად" წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა", რომლის გავლენიანი წევრი, შემდგომში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ძმა გახლდათ.

პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუა, ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო არ დაისაჯა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, ჩემი ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას, დღემდე ყველანაირად ხელს უშლიდნენ.

სენატორო რიშ, როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ სენატორს, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არა თუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ და გაათავისუფლონ ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას! ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოა „ჩვენ გვჯერა ღმერთის“ (IN GOT WE TRUST). მეც მჯერა ღმერთის და მისი სამართლის. მჯერა ამერიკის და მისი ხალხის რჩეულების სიმართლის. საქართველოში არის ასეთი ანდაზა - „სამართალი ურმით დადის“, ანუ ძალიან ნელა დადის, მაგრამ დადის. მინდა მჯეროდეს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი ჩემი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს“, - წერს თამარ თორაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა: „ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, - წერს რიში. შეგახსენებთ, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. აღნიშნული წლის 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.