გიორგი გახარია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იქნება?!
გიორგი გახარია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იქნება?!

A+ A-

15:10 25/05/2020

პოსტკოვიდურ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დიდი ხნის წინ დაანონსებული სამთავრობო კარუსელი და „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარის თამაშები“ იწყება. ვიდრე საქართველო 2-თვიანი საგანგებო რეჟიმის პირობებში სახლში დარჩა და გარეთ ვერ გამოვიდა, ვიდრე ქვეყანა საშიშ და უხილავ მტერს ებრძოდა და გაუჩინარებულ „ერის მოქმედ მამას“ უიმედოდ ეძებდა, ბიძინა ივანიშვილის კარზე საკადრო გადაადგილებისთვის ბრძოლა არც შეწყვეტილა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 თვით ადრე, „ქართული ოცნების“ ლიდერი ოლიგარქი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და ახალ საპარლამენტო გუნდზე კონსულტაციებს გადის. კონსულტაციების დასრულებამდე დღეებიღა დარჩა.

“2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, არაფორმალური მმართველის კარზე მწვავე შიდა კონკურენცია მიმდინარეობდა. იმის მიუხედავად, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გაშვება ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე იყო გადაწყვეტილი და მის შემცვლელად სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნა, რაზეც “2020NEWS” 3 თვის წინ წერდა, კორონაპანდემიამ შიდა კონკუნერციის და პოლიტქასტინგის ვადა გაახანგრძლივა. ამ დრომდე შიდა კონკურენციაში 3 ძირითადი კანდიდატი მონაწილეობდა - სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, დასახელებული კანდიდატურებიდან ივანიშვილის უპირობო ფავორიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, მაგრამ კონკურენციას რომ სიმძაფრე არ მოკლებოდა, ბრძოლის შანსებს მაია ცქიტიშვილსაც აძლევდა. კიდევ ერთი პრემიერობისთვის მებრძოლი ლაზიერი ნათია თურნავაც არ იყო „უპატრონო“. მის კანდიდატურას აქტიურად ლობირებდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ოლიგარქის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს „ქართუს“ ბექგრაუნდი აქვთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული პორტფელების ჩაბარებამდე ისინი ივანიშვილის პირად ფონდ „ქართუში“ ბეჯითად მუშაობდნენ და დაუფასდათ კიდეც სიბეჯითე - მამა-მარჩენალმა მათი კარიერული აღმასვლა უზრუნველყო.

რაც შეეხება პრემიერობის მესამე კანდიდატს - ნათია თურნავას. “2020NEWS”-ის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდის ლიდერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებენ.

ცალსახაა, რომ მსხვილ ბიზნესმენებს, რომელთა საკუთრებასა და ინტერესებში თითქმის ყველა სახის მსხვილი ბიზნესია, თურნავასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2000-2001 წლებში მისი პირველი მოადგილე იყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩხარტიშვილი ნათია თურნავას პატრონაჟს წარმატებით უზრუნველყოფს. თურნავას სამინისტრო წლების განმავლობაში არ დაუტოვებია. მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაურთულდა კარიერული კიბე, როდესაც ვანო ჩხარტიშვილს სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერობები დაეძაბა.

როგორც ინფორმირებული პირები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებს აქტიურად გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, გიგა ნიკოლეიშვილს. ნიკოლეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან კორუფციასთან იყო ასოცირებული და სახელმწიფო ქონების დატაცებით იყო დაკავებული, ახლა სუს-ის უფროსის მოადგილეა. ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა გრიგოლ ლილუაშვილმა იგი ჯერ დედაქალაქის მერიაში მისვლის დროს მიიყოლა - ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს ლილუაშვილი ვიცე-მერი გახდა, ხოლო ლილუაშვილმა მერიის ადმინისტრაცია სწორედ მას ჩააბარა, ხოლო დედაქალაქის მერად კახი კალაძის არჩევის შემდეგ, მერიიდან გომელაურის უწყებაში გადაანაცვლა და შს მაღალჩინოსანი გახადა. ახლა ლილუაშვილს და მამაცაშვილს ალბათ არ გაუჭირდებათ ამ პერსონის კიდევ უფრო დაწინაურება. როგორც კულუარებში ამბობენ, ანზორ ჩუბინიძის სუს-ის უფროსად გადანაცვლების შემთხვევაში, მის ადგილს სწორედ ნიკოლეიშვილი დაიკავებს და იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გახდება.

გუშინ, ტელეკომპანია ,,მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამთავრობო დაცვის სამსახურის მიერ, დაწყებულია საპრემიერო მარშუტის შესწავლა, რაც გულისხმობს, იმას, რომ ხდება ერთი კონკრეტული პირის გადაადგილების მარშუტის შესწავლა სახლიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. ამასთანავე, ეს გულისხმობს, რომ მოხდება იმ ყველა საცხოვრებლის შესწავლა და განსაზღვრა, რისი გავლაც უწევს საპრემიერო კანდიდატს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობაში ახლა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის მარშუტის შესწავლა ხდება, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მომავალი პრემიერი სწორედ ის იქნება.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ლილუაშვილის ადგილს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს.

თუ რა ბედი ელის მოქმედ პრემიერ გიორგი გახარიას და სად გადაინაცვლებს იგი, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, თქმით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ერთ-ერთ ვარიანტიად მისი „ოცნების“ ხელითვე შექმნილი „ოცნების“ ოპოზიციის ხელმძღვანელობა განიხილება.

“2020NEWS” შეეცადა გაერკვია, რას ამბობენ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ ბედთან დაკავშირებით. როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, ერთ-ერთ ვარიანტად გახარიას „ოპოზიცინერობა“ კი არა, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრობაც განიხილება.

მაგრამ გახარია „გავრილოვის ღამის“ გმირია და ადამიანების თვალების დათხრა მის სახელს უკავშირდება! - „მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის და არა მხოლოდ, გახარია კორონავირუსის პანდემიასთან“ წარმატებულად მებრძოლი გმირიც არის. მის რეიტინგზე ამ პანდემიამ დადებითად იმოქმედა და არ არის გამორიცხული, რომ სიის სათავეში სწორედ გახარია ვიხილოთ. „ოცნება“ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამით საკუთარი ელექტორატის სრულ მობილიზებას შეძლებს, რომლებიც ახლაც თვლიან, რომ ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა “ნაცების“ ორგანიზებული 20-21 ივნისის აქცია დაშალა“, - აცხადებს სამთავრობო წრეებთან დახლოებული წყარო.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მეტად, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინტერესები შესუსტდება და დაზარალდება.

„ძალიან შეიკვეცება კალაძე-კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური ამბიციები და რატომ მოხდება ეს, კალაძემ ზუსტად იცის“, - განუცხადა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც აღარ აკონკრეტებს, „რა იცის ზუსტად კალაძემ“.