ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა - ბასიკაშვილის ადვოკატი
ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა - ბასიკაშვილის ადვოკატი

A+ A-

14:28 25/05/2020

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა. ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას, ვინაიდან მას სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი ამოძრავებს და ბასილაშვილი პროვოკაციას აქამდეც ელოდა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები. 

დასაკითხია ძლიან ბევრი მოწმე. გამოსათხოვია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზუსტად იმას, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხეები ყოფილი ცოლის მხრიდან, პროვოკაციების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამას გამოძიებაში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უშუალოდ ესწრებოდა ამ დიალოგებს. ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმითვე, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა და უჭირს გადაადგილება. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა და 100 000-ლარიანი გირაოც გადაიხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.