დავაწესოთ 23 მაისს მადლიერებისა და დაფასების დღე, ან გნებავთ, საქართველოს მოქალაქის დღე - გოჩა მირცხულავა
დავაწესოთ 23 მაისს მადლიერებისა და დაფასების დღე, ან გნებავთ, საქართველოს მოქალაქის დღე - გოჩა მირცხულავა

A+ A-

11:04 22/05/2020

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა 23 მაისის მადლიერების და დაფასების დღედ დაწესების ინიციატივით გამოდის.

„დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ვგონებ პირველად გვეძლევა შანსი, საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო ერთიანობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთდაფასების, ურთიერთგაფრთხილების, თავდადების თვალნათელი დემონსტრირებაც აღვნიშნოთ.

დავაწესოთ 23 მაისს მადლიერებისა და დაფასების დღე. ან გნებავთ, საქართველოს მოქალაქის დღე.

მადლიერების ნიშნად - საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებმაც ბედი არ გამოსცადეს, ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, უდიდესი მატერიალური თუ სხვა სახის დანაკარგების ფასად ქვეყანა, საკუთარი თავი, ახლობლები, თანამოქალაქეები განსაცდელის წინაშე არ დააყენეს;

მადლერებისა და დაფასების ნიშნად:
- ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო პერსონალისადმი;
- პოლიციის, მესაზღვრეების, თავდაცვის ძალების, უსაფრთხოების სამსახურის, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებისადმი;
- ქართული განათლების სისტემისადმი;
- პასუხისმგებლიანი და გულისხმიერი ბიზნესმენებისადმი;
- საქართველოს მთავრობისადმი;
- ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი ფლანგების მიუხედავად (შეხედეთ განვითარებულ სახელმწიფოებში რა ხდება);
- საჯარო მოხელეებისადმი;
- პროცესში ჩართული მოხალისეებისა და აქტივისტებისადმი;
- ქართული მედიის წარმომადგენლებისადმი;
- ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდეს;
- უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისადმი;
მადლიერებისა და თანადგომის ნიშნად, ისედაც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისადმი;
მადლიერებისა და თანაგრძნობის ნიშნად, გარდაცვლილთა ოჯახებისადმი;
ცხადია, ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნება იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენვე წარმოგვედგინა;
ვიცი, უამრავი დღესასწაულია საქართველოში, მაგრამ არც ერთი არ არის დღე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, მის პერსპექტივას აფასებს. არა და ყოველგვარი ირონიის გარეშე პროცესი, რომელიც პოზიტიურად დასრულდა, სხვა თუ არაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა, მათ შორის ოპონენტების, რომელიც მიბილიზების უფრო მეტ ხარისხს ქმნიდა - ვისი მეტად, ვისი ნაკლებად, ამას ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს საქართველოს, მაშასადამე ყველას წარმატებაა და ამ წარმატებას ჩვენ შეგვიძლია ისტორიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა მივცეთ.
მინიმუმ, მადლიერება გამოვხატოთ და დავაფასოთ ერთმანეთი. მესმის ძნელია ამის გააზრება, მაგრამ ყველამ ყველა გადავარჩინეთ და ეს დღე ვაქციოთ მომავალი თაობებისთვისაც სამოქალაქო სოლიდარობის, ურთიერთდაფასების, თანადგომის წარმოჩენის დღედ.

ამ დღეს მინიმუმ, მადლობა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და ვცდილობთ ვიყოთ უკეთესები.

მე ჩემის მხრივ მადლობას გიხდით ყველას, თითოეულ თანამოქალაქეს - რანგის, პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის, ასაკისა და სქესის მიუხედავად.
იმაზე საუბარი, რომ ვირუსი ბევრს არ კლავს, რომ გრიპის სიკვდილიანობას არ აღემატება - სრულიად უადგილოა. რატომ? სხვაგვარი ქცევის პირობებში ნებისმიერი ჩვენგანი, ან ოჯახის წევრი შეიძლება გამხდარიყო მსხვერპლი. და ეს რომ არ მოხდა, ამიტომ არის მადლიერება გამოსახატი ერთმანეთისადმი.

(მესმის, პარტიული და საარჩევნო დღის წესრიგში არ ჯდება ეს ინიციატივა, მაგრამ მადლიერება და დაფასება ზეპარტიული გააზრება, რომელიც რეალურად არასოდეს გააჩნდა საქართველოს ხელისუფლებებს და პოლიტიკურ კლასს, მით უფრო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური კონიუქტურით ცხოვრობს. მაგრამ მათაც ეკუთვნით მადლობა და დაფასება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ ხალხს ნამდვილად სჭირდება დაფასებაც და დამფასებელიც), - წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.