აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს
აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს

A+ A-

09:09 22/05/2020

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ ტოვებს. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა მიჩიგანის შტატში გამგზავრებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთმა და აშშ-მა ძალიან კარგი ურთიერთობები განავითარეს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ნავთობის პრობლემაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. თუმცა რუსეთი შეთანხმებას არ ასრულებდა. ვინაიდან ისინი არ ასრულებენ, ჩვენ შეთანხმებას ვტოვებთ. ამავე დროს, ეს არის ძალიან კარგი შანსი გავაფორმოთ ახალი შეთანხმება ან რამე ისეთი, რაც ამ შეთანხმებას დააბრუნებს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის მსოფლიოში ბევრი ისეთი ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული, სადაც ამერიკული მხარე პირობებს ასრულებს, მეორე მხარე კი შეთანხმებას არ ასრულებს. ტრამპის თქმით, აშშ ასეთ შეთანხმებებს ასევე დატოვებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან შესაძლოა, შეიარაღების კონტროლის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიოს და არ გამორიცხა, რომ ამ შეთანხმებაში ჩინეთიც ჩაერთოს.

„ღია ცის შეთანხმება“ 35 სახელმწიფოს აერთიანებს და ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს. „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.