რატომ გადაიდო ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას სასამართლო პროცესი?
რატომ გადაიდო ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას სასამართლო პროცესი?

A+ A-

13:20 21/05/2020

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.

როგორც ცნობილია, პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით,  ეს პროცესი აღარ ჩატარდა.

ოპოზიციაში არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ სასამართლო პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან  პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ფარცხალაძე სასამართლო პროცესებს  თითქმის არასოდეს ესწრება.

რაც შეეხება უშუალოდ რესტორან „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს, ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება და საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო.

მათი თქმით, ამ საქმეში არსებობს არაერთი დარღვევა  და ანგარიშში  დეტალურად არის აღწერილი, თუ რა მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება.

თუმცა როგორც იურისტები აცხადებენ იმ შემთხვევაში  თუ საქმეს სწორი კვალიფიკაცია მიეცემოდა, ანუ თუ გამოძიება  ჯგუფური ცემის საქმეზე დაიწყებოდა   მაშინ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძის დაკავება მოუწევდა თუმცა ეს ასე არ მოხდა, ვინაიდან ხელისუფლება ოთარ ფარცხალაძეს მფარველობს.

„მაქსიმალურად იყო მცდელობა იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალდება აერიდებინათ და ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მომხდარიყო. სამწუხაროდ, როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცა, ამ შემთხვევაშიც საქმის გაჭიანურება მოხდა. წელიწადზე მეტია ველოდებით, რომ საქმის დასრულება მოხდეს მაგრამ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში მისვლას. მისი სასამართლოში გამოუცხადებლობით პროცესი არაერთხელ გადავადდა.

საქმეში იყო კვალიფიკაციის პრობლემა. იმ დროისათვის ლაშა თორდია მოქმედი გენერალური აუდიტორი იყო მაგრამ სამწუხაროდ, გამოძიება მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ვითომ ორმა ფიზიკურმა პირმა ერთმანეთში იჩხუბა. შერჩევითი მართლმსაჯულება კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმ ფაქტით, რომ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს ჯგუფურად არ აქვს ბრალი წაყენებული. ეს მუხლი უკვე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე საქმეში ოთარ ფარცხალაძის ზემოქმედება შეიმჩნეოდა“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა სატელევიზიო კომენტარისას.

თავად ყოფილი აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ  სასამართლო პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, ვინაიდან ხელისუფლებას არ სურს სასამართლო პროცესის ბოლომდე მიყვანა.

თორდიას თქმით, თუ სასამართლო პროცესი ქვეყანაში ბოლომდე მივიდა, იგი აპირებს, რომ სარჩელი ადამიანის ევროპულ სასამართლოში გაგზავნოს. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს ბოლომდე მივიდეს ეს საქმე, რადგან მათ ფარცხალაძის დასჯა არ სურთ.

,,თუ არ ვცდები სასამართლო პროცესი 15-ჯერ გადაიდო. ეს დროის გაჭიანურება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მე შემდგომ საერთაშორისო სასამართლოებში ვერ გავაგრძელო დავის წარმოება.

დღეის მდგომარეობით, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი, რომ გამოიტანოს ის შედეგი არ დადგება რაც უნდა დადგეს, ვინაიდან საგამოძიებო პროცედრებიც არის გაყალბებული.

რომ არა ხელისუფლება და რომ არა პროკურატურა რა თქმა უნდა ამ საქმეს მალე გამოიძიებდნენ.

თავდასხმამდე ოთარ ფარცხალაძემ მითხრა რა კომპრომატებს ვიძიებდი მასთან დაკავშირებით. იგი ამაზე იყო გაღიზიანებული რასაც თავდასხმა მოყვა“, - განაცხადა თორდიამ.

ცნობისთვის, ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

"ეს შეეხება ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიერ 580 ათას ლარად 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე კომპანიის შესყიდვას, რომელიც რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავდა. შემდგომში ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩანაცვლების შემდგომ ასევე, კიდევ ჩატარდა აუქციონი, რომელიც ასევე, 40 პროცენტით ნაკლებ ფასში პირდაპირ მიყიდეს ფარცხალაძის კომპანიას" , - თქვა მაშინ ლაშა თორდიამ.

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებდნენ, რომ საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. სამინისტრომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.