რამდენმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია
რამდენმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია

A+ A-

18:45 20/05/2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს განაცხადი 78 000 დასაქმებულის შესახებ. თუმცა, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

აღნიშნული სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.

აქვე გაცობებთ, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან (04.05.2020 წელი) 6 თვის განმავლობაში.

ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

"bpn"