ვის შეეხება სესხების გადავადების მეორე ეტაპი ?
ვის შეეხება სესხების გადავადების მეორე ეტაპი ?

A+ A-

16:45 20/05/2020

საბანკო სესხების 3-თვიანი გადავადების დრო თვის ბოლოს იწურება, უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი მეორე ეტაპის დაწყებაზე. ვისთვის შეიძლება გაგრძელდეს შერავათები ზუსტად უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფოკუსი შემოსავლებდაკარგული მომხმარებელზე გაკეთდება.

საბანკო სექტორი ამბობს, რომ მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორთან” საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, შეიცვლება მოცვადობა და ორიენტირი უფრო მოწყვლად ჯგუფზე გაკეთდება.

“მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება დაწყებულია, ეს გავრცელდება იმ ნაწილზე, რომელთაც ჰქონდათ შემოსავალი და პანდემიის პირობებში ეს შემოსავალი აღარ აქვთ”, – განმარტავს ძნელაძე.

კრიტერიუმებზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა ზუსტი ფორმულა ვის როგორ შეეხება რესტრუქტურიზაცია, საბანკო ასოციაციაში ჯერ დეტალებზე ვერაფერს ამბობენ.

“ბიზნესპარტნიორში” არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლი ამბობს, რომ მკაცრმა რეგულაციებმა საბანკო სექტორში შექმნა ის ბუფერი, რომელიც სექტორს ნებისმიერი კრიზისისთვის მომზადებული შეხვდეს.  გიორგი კეპულაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მოიძებნოს ოპტიმალური გზა, რომელიც არ დააზარალებს არც  საბანკო სექტორს და არც მომხმარებელს.

არსებული ინფორმაციით, საბანკო სესხებზე შეღავათებით 600 000-მა მომხმარებელმა ისარგებლა, მთლიანი პორტფელი 18 მილიონი ლარია.