ის საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია - გამგებელი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილ 63 წლის მამაკაცზე
ის საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია - გამგებელი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილ 63 წლის მამაკაცზე

A+ A-

12:05 20/05/2020

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში, სასწრაფო დახმარების მანქანაში, გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც.

მისივე განცხადებით, ჯუმბერ მილაძე საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია.

რამდენიმე დღის წინ, როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება თავდაპირველად არ მისცეს.

თუმცა, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წითელი ჯვრის მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოეყვანათ.