ექსკლუზივი: გიორგი რურუას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ და ელექტრო სამაჯურით შინაპატიმრობაში დატოვებენ
ექსკლუზივი: გიორგი რურუას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ და ელექტრო სამაჯურით შინაპატიმრობაში დატოვებენ

A+ A-

10:27 18/05/2020

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, გიორგი რურუას საპატიმრო ღონისძიებას შინაპატიმრობით შეუცვლიან. რამდენადაც რურუა ჯერ მსჯავრდებული არაა და მას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა პოლიტიკური ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მსგავსად, ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის სქემით, მას წინასწარი პატიმრობიდან სწორედ ამ ფორმით გაათავისუფლებენ და ელექტრო სამაჯურით სახლში „ჩასვამენ“. 

როგორც „2020NEWS“-ის წყარო აცხადებს, ამ ნაბიჯით, მმართველი ძალა საერთაშორისო არენაზე სკანდალს ჩააცხრობს, რადგან რურუას სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი ბრალეულობა დადასტურებული არაა, რომ რაიმე ფორმით მის სრულ გათავისუფლებაზე იყოს საუბარი. 

მედიამფლობელის გათავისუფლების ფორმა ნაპოვნია - ჯერი განხორციელებაზეა

როგორც უკვე ცნობილია, გიორგი რურუა აუცილებლად გასათავისუფლებელია პატიმრობიდან, რადგან იმ 4 პოლიტპატიმარშია, რომელთა გათავისუფლებაზე 8 მარტს ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მოხდა შეთანხმება - ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანდასწრებით. „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გათავისუფლების გარეშე კი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მიღებას არც ოპოზიცია აპირებს. 
„გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებში ან სახელისუფლებო მანიპულაციებში“ , - ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და დაანონსა კიდეც, რომ დღეს, მისი პარტიის ოფისში ოპოზიცია რურუას საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბება.

ამ სხდომას უკვე გათავისუფლებული უგულავა-ოქრუაშვილიც დაესწრებიან. შეხვედრაზე ოპოზიცია „დარჩენილი“ პოლიტპატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდება. 
ამავდროულად, ჯერ არ ჩამქრალა სკანდალი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის. ეს სკანდალი კი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ მმართველი ძალა 8 მარტის შეთანხმების მეორე პუნქტის - პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, შესრულებას არ აპირებდა. პანდემიის მიუხედავად კი, როცა ყველა ქვეყანას თავზე საყრელი აქვს კოვიდინფექციური პრობლემები, განვითარებულმა ქვეყნებმა საქართველოს საარჩევნო გარემოს გაურესებას ყური არ წაუყრუეს და კვლავ დაიწყო დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკოსების წერილებისა, თუ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტების კასკადი, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა უგულავა-ოქრუაშვილი შეიწყალა, რურუას გათავისუფლების ფორმა კი მოსაძებნი იყო, რადგან მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ის ჯერ მსჯავრდებული არაა. 

„2020NEWS“ რურუას სამართლებრივი სიტუაციის შესახებ უკვე წერდა. არსებობს მისი სრულად გათავისუფლების სამი ვარიანტი, რომელთაგან ხელისუფლებას არცერთი აწყობს: 

1. რურუას გათავისუფლება გაიწელება მანამდე, ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ვიდრე არ მიუსჯიან, ანუ წაყენებულ ბრალში დამნაშავედ არ ცნობენ. აი, შემდეგ უკვე პრეზიდენტს მისი შეწყალება შეეძლება.

2. შეიძლება გათამაშდეს მეორე ვარიანტიც, ანუ ის წაყენებულ ბრალში სწორედ სასამართლო განხილვის დროს გამართლდეს.

3. მესამე ვარიანტი, თავად რურუამ უნდა აღიაროს დანაშაული და საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს მასთან, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა. “მთავარი არხის“ დამფუძნებელიც და მისი დაცვის მხარეც აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს. თუმცა, საპროცესო შეთანხმება, რურუას გათავისუფლების პროცესს დროში აღარ გაწელავს.

თეთრი სახლის ჭერში შემონახული სანქციები სანქციის წილ 

მოკლედ, დროებითი თავისუფლებისა და უკმაყოფილების ჩაცხრობის ფორმა უკვე მოიძებნა. ახლა განხორციელების ჯერია. დღეს რურუას სასამართლო პროცესი იმართება. 
პროცესი კარგა ხანია, საგანგებო მდგომარეობის გამო, ონლაინჩართვის რეჟიმში იმართება. 

დაცვის მხარემ უკვე ორჯერ დააყენა რურუასთვის პატიმრობის ღონისძიების გაუქმების საკითხი, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო მოსამართლისგან.

ერთ შემთხვევაში, მარტში, დაცვის მხარე რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა იმ მოსაზრებით, რომ მედიამფლობელის დაკავების დროს, ვაკის სასაფლაოსთან მისი ჩხრეკა არ ჩატარებულა. გამოკითხული პოლიციელი ლევან ადეიშვილი, რომელმაც რურუა დააკავა, ყველა კითხვაზე პასუხობდა „არ ვიცი, არ მახსოვს“ და ადვოკატების მტკიცებით, ამ დაკითხვისას დადასტურდა, რომ დაკავების მომენტში რურუას იარაღი არ ჰქონდა. დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი პატიმრობაში დატოვა. 

მეორე შემთხვევაში, ადვოკატები იმიტომ ითხოვდნენ მედიამფლობელის გათავისუფლებას პატიმრობიდან, რომ პროცესზე ყველა მოწმე უკვე გამოკითხა და განსასჯელის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლა შეუძლებელი იყო. ამასთანავე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიმალვის რისკიც ფაქტობრივად, განულებული იყო და თანაც რურუას აქვს ქრონიკული დაავადება. ადვოკატების განცხადებით, ციხეში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევაში, პატიმრის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და რურუა აპრილის ბოლოსაც პატიმრობაში დატოვა. 

ახლა კი, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველ ძალას მიღებული აქვს, წინ აღარაფერი უდგას იმასაც, რომ ადვოკატებმა ხელახლა მოითხოვონ გიორგი რურუასთვის საპატიმრო ღონისძიების შეცვლა სასამართლო პროცესის დასრულებამდე. მოსამართლის თანხმობას, დიდი ალბათობით, ამჯერად ისინი უკვე მიიღებენ. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუას წაყენებული აქვს შემდეგი ბრალი, რომელზეც დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეთითხნილი და ტყუილი ბრალდებაა, მაგრამ ის საკმაოდ მძიმედ გამოიყურება: 
გიორგი რურუა 18 ნოემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. 

მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, 
ბრალდების მხარის თანახმად, გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ისა და ხელის კვლების ნიმუშის აღებაზე. მოგვიანებით მას ეს პროცედურა ძალის გამოყენებით ჩაუტარეს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ პროცედურას ესწრებოდნენ მისი ადვოკატებიც.

ამ სიტუაციაშია გაჭედილი „მთავარი არხის“ მეპატრონის საქმე. ვნახოთ, მედიამფლობელისთვის ელექტროსამაჯურის დადება და შინაპატიმრობაში გაშვება შეუმსუბუქებს თუ არა სიტუაციას თავად მმართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც შეერთებულ შტატებში უკვე აქეთ ემუქრებიან სანქციებით. მის წინააღმდეგ სანქცების გამოქყენების მოთხოვნა ხომ, არც მეტი და არც ნაკლები, თავად სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიიღო ამერიკელი გავლენიანი კანონმდებლისგან. 

პომპეო კი ის კაცია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოლიგარქებისა და მოსამართლეებისთვის მძიმე სანქციები „თეთრი სახლის“ ჭერში რომ აქვს შემონახული.
მან, დემოკრატიული ღირებულებების „დავიწყებისა“ და კორუფციის გამო, „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს, ვლადიმირ პლახოტნიუკს საქციები უკვე დაუწესა, აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა და ანგარიშები გაუყინა.

"ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას", - დაწერა სანქციის გაცემის შემდეგ, პომპეომ "ტვიტერში".

იგივე დაემართა და თეთრი სახლის „შავ სიაში“ მოხვდა ბულგარელი მოსამართლე ანტონ მიტალოვიც. 

"მნიშვნელოვან კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობისთვის დღეს მე სანქციებს ვუწესებ ბულგარელ მოსამართლეს, ანტონ მიტალოვს. ეს ბულგარეთში პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა და ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მყარად დგას თავის პირობაზე, კორუფციასთან ბრძოლაში ბულგარელი ხალხის გვერდით იდგეს",- ეს უკვე მეორე სანქციის გაცემის დროს დაწერა სახელმწიფო მდივანმა ტვიტერზე.

და თუ თეთრ სახლში გადაწყვეტენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ირანთან ფულის გათეთრების სქემის გამო (რაშიც ამერიკელი კანონმდებელი ქართველ ოლიგარქს ღიად ადანაშაულებს პომპეოსადმი მიწერილ წერილში), დროა, სანქციებით დაისაჯოს, ეს ასეც მოხდება!

რუსა მუმლაძე