ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა, ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ - გიორგი კეკელიძე
ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა, ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ - გიორგი კეკელიძე

A+ A-

10:12 18/05/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალი გამოწვევებისა და ახალი სიმაღლეების მონიშვნისთვის ემზადება. ამის შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს: “გუშინ სასტიკი ქარი იყო დუშეთში.

ისეთი - მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუოდნენ და ღამეც უმთვარეო გამოდგა. არცერთი მეზობელი არ დარჩენილა მახლობლად.

მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, მარტო ვარ და შიში მახსენდება. დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა კი მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო.

აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:

"გარეთ ცივა, ქრის ქარი მთვარე ვახშმობს მუხებში, დახშულია ჭიშკარი, ადევს კლიტე უხეში.

დედაბერი მიმჯდარა, ბუხრის ახლოს კუთხეში.

თვალში ცრემლი დამშრალა, მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?"

მე არ ვიცი ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო.

და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მსიამოვნებს. გუშინაც ეგ ამბავი იყო. ცხადად მივხვდი, რომ ეს მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა.

ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით შევეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს.

მამაჩემი ამბობს: "გარეთ ცივა, ქრის ქარი!" და ყველაფერი კარგადაა”, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კეკელიძე ცოტა ხნის წინ დუშეთში გადასახლდა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „კარის მეზობელი“ გახდა.