ტყიბულში, 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
ტყიბულში, 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

A+ A-

14:06 11/05/2020

ტყიბულში, 13 წლის მოზარდის ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ოჯახში გამოძახებაზე მოსულმა გამომძიებელმა ქალმა არასრულწლოვანს, მორალური და ფიზიკური ზიანი მიაყენა.

ოჯახის მტკიცებით, ბავშვმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

მოზარდის დედა, ბელა ასატუროვა დღეს პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და პოლიციელის დასჯა მოითხოვა.

"ეკა ისაკაძემ, გამომძიებელმა, იძალადა ბავშვზე, როგორც ფსიქოლოგიურად ისე მორალურად. ისაკაძე ეუბნებოდა, შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგგლიჯავდი შუაზეო. ბავშვმა სცადა თვითმკვლელობა, ჯერ აივნიდან გადახტომა, შემდეგ ტუალეტში ჩაიკეტა და უნდოდა ხელების გადაჭრა. ვეხვეწეთ, რამე არ ჩაედინა", - აცხადებს ბელა ასატუროვა.

ბავშვის ბებიის განცხადებით, გამომძიებელმა მოზარდს ხელი ჰკრა.

"იძალადა ბავშვზე როგორც ხელის კვრით, ისე მორალურად, ფსიქოლოგიურად. ხელის კვრით აგდებდა გარეთ. ბოლო ხმაზე უყვიროდა ბავშვს - "გადი ამ სახლიდან, ამ სახლში არ გაქვს შემოსვლის უფლება". შენ რომ ჩემი შვილი იყო, გაგგლიჯავდი შუაზე. მე შენ ახლა გამოგიწერ შემაკავებელ ორდერს. ვიცი, სადაც წაგიყვან და სადაც არის საჭირო", - აცხადებს ბავშვის ბებია.

ადვოკატის ინფორმაციით, ეკა ისაკაძეს ტყიბულის პოლიციიის უფროსი მფარველობს. უფლედამცვალის თქმით, მაღალჩინოსანმა ოჯახს დაწერილი განცხადების უკან გატანა მოსთხოვა.

"ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ დაისაჯოს უმკაცრესად პოლიციის აღნიშნული თანამშრომელი, რადგან ის სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას 13 წლის მოზარდზე"- აცხადებს ლევან ჭელიძემ.

თავად გამომძიებელი, ეკა ისაკაძე ბრალდებებს უარყოფს. "თუკი ვინმეს რაიმე კითხვა იქნება, ყველა შესაბამის ორგანოს გავცემ პასუხს. კარგად ბრძანდებოდეთ, ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - თქვა მან.

ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.